„112“-ზე ზარის განხორციელება შესაძლებელია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას შექმნილი ვითარების გამო ბოდიშს უხდის.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის პროგრამისტების საშუალებით სისტემაში არსებული ხარვეზი აღმოიფხვრა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რა პრობლემები შეექმნა „112"-ს

საქართველოს მოსახლეობას „112“-თან დაკავშირება რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეეძლო. ამ დროის განმავლობაში უწყებასთან დაკავშირება და „სასწრაფო დახმარების“, მეხანძრეების, მაშველებისა და პოლიციის გამოძახება ცენტრის Facebook-გვერდზე შეტყობინების საშუალებით შეეძლოთ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში არსებული პროგრამული ხარვეზი უკვე აღმოიფხვრა და ზარები შეუფერხებლად შემოდის. შინაგან საქმეთა სამინისტრო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს“, — ნათქვამია განცხადებაში.

თუ რასთან იყო დაკავშირებული ხარვეზი, უწყებაში არ აზუსტებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გასულ ღამეს ცენტრის ცხელ ხაზზე მხოლოდ თბილისიდან 153 შეტყობინება შევიდა.

ორშაბათს, საღამოს თბილისში მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შექმნა — დაიტბორა ქუჩები, სავაჭრო ობიექტები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ავტოსადგომები, მეტრო „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელი და ვაკეში არსებული ერთ-ერთი ავტოსალონი.

თბილისში მთელი ღამის განმავლობაში სრულად იყო მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.