გუდაურში ნაცემი რუსი პარაპლანერისტი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ნაცემი მფრინავი ამტკიცებს, რომ მას ერთი წლის განმავლობაში ემუქრებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. გუდაურში ადგილობრივების მიერ ნაცემმა პარაპლანით მფრინავმა ფიოდორ ჩელიშევმა ვიდეომიმართვა ჩაწერა — ის აცხადებს, რომ ინციდენტი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკას და ეს მხოლოდ ბიზნესის გადანაწილებას ეხება.

შაბათს გახდა ცნობილი, რომ გუდაურელები ფიზიკურად გაუსწორდნენ შპს „ატლანტიდას“ თანამშრომლებს, რომელსაც ტურისტები პარაპლანით დაჰყავთ. ჩელიშევი ძლიერად არის ნაცემი. ის გატეხილი ცხვირით და ტვინის შერყევით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. შსს იძიებს საქმეს „ძალადობისა“ და „სხვისი ნივთის დაზიანების“ მუხლებით.

გუდაურში რუს პარაპლანისტს ათობით პირი ფიზიკურად გაუსწორდა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

„არანაირი კავშირი არ მაქვს რაიმე პოლიტიკურ ძალასთან, და ის, რაც დღეს იხილეთ, უბრალოდ არის ბიზნესის გადანაწილების მცდელობა. უბრალოდ სოფლის  ბიჭებმა, რომლებიც ჩემსავით ამ საქმით — პარაპლანით ფრენებით არიან დაკავებული, გადაწყვიტეს ამიკრძალონ ფრენა მე და სხვა მფრინავებს, ვინც აქაური არ არის“, — განაცხადა ჩელიშევმა.

ჩელიშევი ამტკიცებს, რომ მას ერთი წლის განმავლობაში ემუქრებოდნენ.

„ისეთი არაფერი გამიკეთებია. ვმუშაობ ტურისტებთან, მიყვარს ტურისტებთან მუშაობა. მომწონს გუდაური, მომწონს საქართველო. ერთი წლის წინ მითხრეს: „ან მუშაობ და გვიხდი, ან აქ აღარ მუშაობ“, — აღნიშნა მან.

ინციდენტებთან  დაკავშირებით  შსს-ს პრეს-სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

კერძოდ, დაბა გუდაურში 8 ივნისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქართველებსა და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის, 9 ივნისს კი —  ქართველ და რუს პარაპლანისტებს  შორის.

უწყების ცნობით, ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით გუდაურის ახლოს მდებარე  იმ ადგილზე დაეშვნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს აქვთ იჯარით აღებული. აღნიშნულ ფაქტს უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა, რა დროსაც ქართველმა მფრინავებმა უკრაინის მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამინისტროს ინფორმაციით,  დაბა გუდაურში კონფლიქტი მოხდა 9 ივნისსაც, როდესაც  ქართველმა მფრინავებმა პარაპლანით საფრენ ტერიტორიაზე მისასვლელ გზაზე მოძრაობა შეაფერხეს და რუს  პარაპლანისტებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

შსს: რა გახდა გუდაურში ქართველ, უკრაინელ და რუს პარაპლანისტებს შორის კონფლიქტის მიზეზი

„დაპირისპირების შედეგად, ქართველმა პარაპლანით მფრინავებმა რუსეთის მოქალაქეებს: სერგეი დემენტიევს და ფეოდორ ჩელიშევს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა კონფლიქტში მონაწილე რუსეთის ორი მოქალაქე გამოკითხეს და ამ ეტაპზე მათ ცემაში დამნაშავე პირების დასადგენად ინტენსიურ მოქმედებებს ახორციელებენ.

ამჟამად კომპანია „ატლანტიდას“ სასტარტო მოედნიდან პარაპლანით ფრენები შეწყვეტილია. კომპანიის მფლობელთა თქმით, ადგილობრივებმა დააზიანეს ინვენტარი და ზოგიერთი ნივთიც წაიღეს.

მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში საქართველოში ზამთრის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს >>

„ახლა ფრენები არ ხორციელდება. ეს შეუძლებელია. ყველა ჩვენი მფრინავი ტრავმირებულია. ყველანი თბილისში წავიდნენ და სხვადასხვა ორგანოებს მიმართავენ, რათა ამ სიტუაციაზე რამენაირად იმოქმედონ“, — განაცხადა კომპანია „ატლანტიდას“ თანამშრომელმა ნატალია მიხაილიუტამ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

უცნობია, როდის განახლდება ფრენები. „ატლანტიდას“ მფლობელები გამოძიების დასრულებას ელოდებიან.