მირზა სუბელიანსა და მერაბ მორჩაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

სსკ-ის მუხლი, რომლის მიხედვითაც წარუდგინეს ბრალი მერაბ მორჩაძეს, ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე, ხოლო სუბელიანს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მირზა სუბელიანსა და მერაბ მორჩაძეს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განმეორებითი გამოძიების ფარგლებში პირველი ბრალდებული — 45 წლის მერაბ მორჩაძე სამართალდამცველებმა 8 ივნისს დააკავეს, ხოლო 9 ივნისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დააკავეს. 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაგვიანებით დაიწყო

პროკურატურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, ხოლო მერაბ მორჩაძეს — საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით).

სსკ-ის მუხლი, რომლის მიხედვითაც წარუდგინეს ბრალი მერაბ მორჩაძეს, ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე, ხოლო სუბელიანს — ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

„ჩატარებული გამოძიებით  დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მ. ს.-სთვის ცნობილი გახდა გ. ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს“, — აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერაბ მორჩაძეს კი გამოძიება მოწმეზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს. საქმის მასალების მიხედვით, მორჩაძე მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლას მიხეილ კალანდიას აიძულებდა.

„მ. მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს შეცვლიდა გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და გ.ჯ.-ს არ ამხელდა დანაშაულში, მას მატერიალურად დაეხმარებოდა და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას“, — ნათქვამია განცხადებაში.

„თეა, წადი!“ - საპროტესტო აქცია მუსიკისა და „ღიმილაკების“ თანხლებით

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. 

 ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს და  მის დასჯას მოითხოვს. პარლამენტის  შენობის წინ გამართული აქციების დრო  მისი მთავარი მოთხოვნა სწორედ სუბელიანის დაკავება გახლდათ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

იმ პერიოდში სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა.