ნეაპოლელი ქართველის რეცეპტები თბილისურ „სიცილიაში“ და „პლეხანოვზე“ ნაპოვნი იტალიური გემო

სამზარეულო ერის კულტურისა და ისტორიის ნაწილია, ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელი ქართული კერძების გემო შორეულ ქვეყანაში ყოფნის დროს მშობლიურ ასოციაციებს იწვევს. ასევე არიან სხვა ერის ადამიანებიც.
Sputnik

ამბავი ასეთია: ერთხელ განახლებულ პლეხანოვზე სეირნობის დროს, ნეაპოლის რესტორნის იტალიელ შეფ-მზარეულს  „სიცილია“ აღმოუჩენია. ბუნებრივია, შესულა და ნაცნობი იტალიური პიცა შეუკვეთავს. როგორი იყო მისი გაოცება, როცა შუაგულ საქართველოში ქართველის მიერ დამზადებულ პიცას მისთვის ნაცნობი და მშობლიური შეგრძნებები მოყვა… თუ ვინ იყო პიცის ავტორი და ის ბატონი ამისთვის „სიცილიის“ დირექტორს, ქალბატონ ლელა დალაქიშვილს გავესაუბრეთ.

ლელა დალაქიშვილი

-ქალბატონო ლელა, გავიგე, საპატიო სტუმარი გყოლიათ იტალიიდან…

— ასეთი ამბავი იყო: აქ შემთხვევით შემოვიდა, სტუმრად გვყავდა იტალიელი ბატონი ჯუზეპე, (სამწუხაროდ მისი გვარი არ მახსოვს) რომელიც თურმე ნეაპოლის რესტორნის მთავარი შეფ-მზარეული ყოფილა. მან დაგვიძახა და გვკითხა: ვინ მოამზადა იტალიური პიცაო?— ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ქართველმა მზარეულმა,- პასუხმა ძალიან გააოცა: ჩემი გემო ვიგრძენი ამ უცხო ქვეყანაში და ვერ დამაჯერებთ, რომ ეს იტალიელს არ მოუმზადებია, ვინ გყავთ იტალიელიო?— ასეთი გემოს პიცას ქართველები ვერ აკეთებენო… ის სამზარეულოში შემოვიდა და ღუმელი შეამოწმა. მისთვის ყველაფერი გასაგები მაშინ გახდა, როცა გაიგო, რომ პიცა იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა  მზარეული მოამზადა…

- რაიმე შენიშვნა არ მოუცია?

— კი, შენიშვნაც მოგვცა, ყველაფერი იტალიურია და გემრიელია, მაგრამ შეეცადეთ, რომ ყველი ცოტა ნაკლები უყოთო. იტალიური ყველი მოცარელა, რომელიც ძვირია ჩვენ ბლომად გავუკეთეთ. იტალიელის აზრით კი, ეს არ იყო საჭირო, რადგან ყველის გემო სხვა ინგრედიენტებმა გადაფარაო…  ის ბატონი დაგვპირდა, რომ მომავალ წელსაც ჩამოვალ და დაგეხმარებითო.

იტალიაში მცხოვრები ქართველი პროფესიონალი მზარეული, გოგა ჭარხალაშვილი.

- იტალიაში მცხოვრები ქართველი მზარეული ვინ არის?

— იტალიური სამზარეულო ყოველთვის გვიყვარდა. ერთხელ იტალიიდან ჩემი შვილების მეგობარი, გოგა ჭარხალაშვილი იყო ჩამოსული, ის ნეაპოლში ცხოვრობს. როცა საოჯახო ბიზნესის გახსნა დავაპირეთ გოგას დავუკავშირდით. მანამდე მხოლოდ ფეისბუკით გვქონდა მასთან ურთიერთობა. გოგა ძალიან პატარა იყო საქართველოდან რომ წავიდა, მაგრამ თავისი ქვეყანა და თბილისი ძალიან უყვარს. როცა თბილისში  „სიცილია“ გავხსენით გოგა სპეციალურად ჩვენთვის ჩამოვიდა, რეკომენდაციები გაგვიწია და ძალიან დაგვეხმარა. ეგეც არ იკმარა! თვითონ დადგა ღუმელთან და იმუშავა.

- გოგა, როგორ გახდით კულინარიის სფეროში პროფესიონალი?

— იტალიაში 2009 წლიდან ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, იქ დავამთავრე საინჟინრო-სამშენებლო ფაკულტეტი, თუმცა ეკონომიური მდგომარეობის გამო რესტორნებში მუშაობა მიწევდა. ამასთან მარტო ვცხოვრობდი და სამზარეულოსთანაც დავმეგობრდი. დღეს იტალიელები ამ სფეროში მაღიარებენ, რადგან ათი წელია ამ ქვეყანაში ვარ და იტალიურ სამზარეულოსაც კარგად ვიცნობ. ნეაპოლში ბევრ რესტორანში ვიმუშავე მზარეულად ჩემი დღევანდელი ცოდნა ამ გამოცდილებებით სავსეა. იტალიელებმა ჩემზე ფილმიც გადაიღეს.

- თბილისურ “სიცილიასთან” რა გაკავშირებთ?

— პირველ რიგში თბილისელი მეგობრები — რაც კი ჩემს წიგნაკში ყველაზე კარგი კერძების რეცეპტები მქონდა მათ მივეცი. მანამდე ვიმუშავე მათთან სანამ საქმე არ ავუწყვე და ცნობილი არ გავხადე. მას შემდეგ აქ ბევრი იტალიელი ჰყოლიათ სტუმრად და ყველა ხვდება, რომ ამ კერძებს იტალიასთან უშუალო შეხება აქვს. ალბათ პასტების და პიცის გემოსაც ცნობენ… ვოცნებობ, რომ ერთ დღეს, საქართველოში საკუთარ რესტორანს გავხსნი და ჩემს ქართველ ცოლს და შვილს აქ ჩამოვიყვან. ქორწილსაც აქ გადავიხდი და აუცილებლად ქართულად, თუმცა სუფრაზე ქართულთან ერთად იტალიური კერძებიც მექნება….