ტოჩინოშინი იაპონიის წამყვან მედიასაშუალებებს ქართული ღვინის საწარმოო პროცესს გააცნობს

იაპონელი ჟურნალისტები განსაკუთრებულ აქცენტს ქვევრის ღვინოზე გააკეთებენ, რადგან ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში იაპონურ სამზარეულოსთან ერთად მოხვდა.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი – ლევან გორგაძე, საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს სუმოს ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან ცაგურია – კოკაი დღეს იაპონიის წამყვან მედიასაშუალებებთან ერთად „დუგლაძეების ღვინის კომპანიას“ დაათვალიერებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ღვინის ტურის ფარგლებში, ტოჩინოშინის სახელობის კასრში სამი წლით დასავარგებლად უმაღლესი ხარისხის ღვინო „საფერავი“ განთავსდება. 

ქართული ღვინო იაპონიის დასაპყრობად ემზადება

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იაპონელი ჟურნალისტები, საქართველოზე, როგორც ტოჩინოშინისა და კოკაის სამშობლოზე ფილმს იღებენ. ტოჩინოშინი მათ ღვინის წარმოების პროცესს ღვინის ექსპერტებთან ერთად გააცნობს.

იაპონელი ჟურნალისტები განსაკუთრებულ აქცენტს ქვევრის ღვინოზე აკეთებენ, ვინაიდან  ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში იაპონურ სამზარეულოსთან ერთად მოხვდა.

ტოჩინოშინი — ლევან გორგაძე, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სუმოისტია. იაპონიაში ახლახან დასრულებულ საზაფხულო ბაშოზე ტოჩინოშინი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. შეჯიბრებების დასასრულს სუმოს იაპონური ასოციაციის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით 30 წლის გორგაძეს ოძეკის წოდება მიენიჭა, რაც პროფესიონალურ სუმოში მეორე იერარქიულ ტიტულს გულისხმობს.

დიდი იშვიათობაა — პრემიერმა საქართველოში ტოჩინოშინის უზომო მხარდაჭერაზე ისაუბრა >>

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე პირველი ქართველი და მესამე ევროპელი გახდა, რომელმაც ეს საპატიო წოდება მიიღო.

ამჟამინდელი სეზონი ტოჩინოშინისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. სპორტსმენის ანგარიშზეა 37 გამარჯვება და მხოლოდ 8 წაგება. ამ წლის იანვარში გორგაძე პირველი ქართველი გახდა, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა.