თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფიჯის კუნძულებზე წყნარი ოკეანის თასის გათამაშების პირველი მატჩი ტონგას გუნდს ანგარიშით 16:15 მოუგო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტონგელები პირველივე წუთებიდან აქტიურობდნენ, თუმცა ბურთი მეტოქის 22 მეტრიან ზონაში დაკარგეს. მოპოვებული ბურთი კაჭარავამ ბურთი მათიაშვილს მიაწოდა, რომელმაც შესანიშნავი ინდივიდუალური ლელო დადო – 7:0.
ტაიმის დასრულებამდე მათიაშვილმა ორი ჯარიმა მიამატა, რასაც ტაკულუამ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა და პირველი ტაიმი 13:3 დასრულდა.
ტონგელები საკუთარ ნახევარზე ხშირად ჯარიმდებოდნენ და სოსო მათიაშვილმა „ბორჯღალოსნების“ მონაგარს მეორე ტაიმის დასაწყისშიც სამი ქულა შემატა – 16:3.
კუნძულელები დარჩენილ დროში ძალიან გააქტიურდნენ და საქართველოს ნაკრებს ორი ლელო დაუდეს. მატჩის ბოლო ლელო 79-ე წუთზე ჰალაიფონუამ დაამიწა და ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა 16:15.
შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ ერთ წუთში „ბორჯღალოსნებმა“ თავი კარგად დაიცვეს და მინიმალური უპირატესობა შეინარჩუნეს. საქართველომ ტონგა ზედიზედ მესამე შეხვედრაში დაამარცხა.
პარასკევს საქართველოს ნაკრები გაემგზავრა წყნარ ოკეანეში ტურნეში, რომლის ფარგლებში გამართავს კიდევ ორ ტესტ-მატჩს — ფიჯისთან (16 ივნისი) და იაპონიასთან (23 ივნისი).