ხორავას ქუჩის ტრაგედია გამოწვევად იქცა - პრემიერი მოზარდების მკვლელობაზე

საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლანდელი მთავრობა, განსხვავებით წინამორბედისგან, ხალხის აზრს უსმენს და ცდილობს შეცდომები გამოასწოროს
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ხორავას ქუჩაზე 16 წლის ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იგი ხელისუფლებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად 2017 წლის 1 დეკემბერს დაიღუპნენ. სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. მეორე ბრალდებული დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს — სასამართლომ ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.

„საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი": ლომჯარია მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების შესახებ>>>

„ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად. ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება. ჩვენ დავკარგეთ ორი ახალგაზრდა და სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის, ჩვენშიც. სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება", — განაცხადა კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

საქმის შესასწავლად საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. კომისიაში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით მოზარდების მკვლელობის საქმე თავიდან გამოსაძიებლად პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტოს დაუბრუნდა.

მიუღებელი მოთხოვნა - პრემიერი წულუკიანის გადადგომის წინააღმდეგია

„პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რაც უპრეცედენტოა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო რუსთაველზე აქციის გამართვამდე, რათა ეს ვინმემ არ მიიწეროს და ამის შესახებ განცხადებები მაშინვე გაკეთდა… ასევე უპრეცედენტოა ის, რომ საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა წარმოდგენილია უმრავლესობით და კომისიის თავმჯდომარე უმცირესობის წარმომადგენელია", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

1 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებთან პრემიერი კვირიკაშვილი მივიდა, მაგრამ აქციის მონაწილეებმა მისი მოსმენა არ ისურვეს და პლასტიკის ბოთლები ესროლეს. მოგვიანებით კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ მკვლელობის საქმე ხელახლა გამოსაძიებლად შსს-ს დაუბრუნდა.

„პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაახლა გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის და ასევე მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მიმართულებით. ამის შემდეგ დაიკითხა უამრავი ადამიანი და ვფიქრობთ, იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში და ჩვენშიც არსებობს, პასუხები უახლოეს პერიოდში გაეცემა", — დასძინა კვირიკაშვილმა.

პრემიერი ასევე შეეხო მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს. მისი სიტყვებით, ეს უპრეცედენტო ნაბიჯი იყო იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მსგავს სიტუაციაში მსგავსი ნაბიჯი არავის გადაუდგამს.

რა ულტიმატუმი წაუყენა კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძეს

„ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი გამოიჩინა მთავარმა პროკურორმა და თანამდებობიდან მყისიერად გადადგა, რაც ვფიქრობ, რომ ასევე უპრეცედენტოა. მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო, გააკეთონ შედარება, როდესაც ხალხი თვეობით იდგა ქუჩაში და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო აბსოლუტურად არანაირი რეაგირება და როგორ რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე დღევანდელი ხელისუფლება. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, თვისობრივი ცვლილება მოხდა", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და ის, რომ იგი ხალხის აზრს უსმენს, მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამაარსებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

სარალიძემ პრემიერს ერთკვირიანი ვადა მისცა>>>

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი ხალხის გამარჯვება. დღეს ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და დიდი იმედი მაქვს, რომ მთელი გუნდი, ერთმანეთის გვერდში დგომით, მხარში ამოდგომით გავაკეთებთ იმას, რომ გვექნება გამართული სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართლიანობის გრძნობაც მთელს საზოგადოებაში გაცილებით უფრო მყარი იქნება", — განაცხადა მთავრობის მეთაურიამ.

ამისთვის, კვირიკაშვილის სიტყვებით, აუცილებელია სასამართლო რეფორმის გატარება, რომელიც რამდენიმე წელია კრიტიკის ობიექტია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არ არის, რაც მას მოწყვლადს ხდის.

„სასამართლო რეფორმაზე მინდა საზოგადოებას ვუთხრა: რა თქმა უნდა, ის დღეს არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, მაგრამ დაინახონ ტენდენციები. ტენდენციების გამოკვეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სასამართლო რეფორმის მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მნიშვნელოვანია, აღქმები საზოგადოებაში იყოს ისეთი, რომ ნდობა არსებობდეს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. სახელმწიფომ ამისთვის უფრო მეტი უნდა გააკეთოს", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის მოწმეები შსს-ში გამოცხადდნენ

მნა ასევე კომენტარი გააკეთა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პროტესტში პოლიტიკოსები აქტიურად ჩაერთვნენ. აქციის დროს სარალიძის მხარდაჭერა სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის, ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ"გამოხატა, რამაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია.

„არ მინდა ბევრი საუბარი იმაზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა, სამწუხაროდ, როგორ გამოიყენეს ეს სიტუაცია და აბსოლუტურად არამართლზომიერ, ვითარებისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ამ საზოგადოებას უცხოვრია იმ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო აბსოლუტურად არ უსმენდა ხალხის ხმას, სადაც თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომის მიუხედავად, რეაგირება ნულის ტოლი იყო", — დასძინა მან.

მისი სიტყვებით, დღეს ხელისუფლება უსმენს ხალხის აზრს და მიუხედავად იმისა, რომ შეცდომებს უშვებს, ადეკვატურად რეაგირებს მასზე.