თბილისის აეროპორტის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია იწყებს აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს ე.წ. ვარკეთილის ხიდებზე, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გზაზე მდებარეობს
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ კახეთის გზატკეცილის მარჯვენა პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ხუთშაბათს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ ე.წ ვარკეთილის ხიდებზე, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გზაზე მდებარეობს.

თბილისის მერია ე.წ. ვარკეთილის ხიდების გარემონტებას იწყებს

როგორც მერიის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, კახეთის გზატკეცილის გზაგამტარის ჯავახეთის ქუჩასთან შემაერთებელ მარჯვენა პანდუსზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. შესაბამისად, 17 ივნისის ჩათვლით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც იცვლება.

მუნიციპალური ავტობუსები: N1, N12, N22 და N41 და მიკროავტობუსები: N107, N154, N205 და N221 კახეთის გზატკეცილიდან მეტროსადგურ „ისანთან“ მოსახვედრად, ჯავახეთის ქუჩასა და მოსკოვის გამზირს აღარ გაივლიან. ისინი კახეთის გზატკეცილიდან ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ჩაჩავას ქუჩიდან ჩაუხვევენ.

გარდა ამისა, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრავი მიკროავტობუსები N82 და N165 მეტროსადგურ „ვარკეთილთან“, მესამე მასივის — აბაშვილისა და კალოუბნის ქუჩებიდან ავლენ.

სააკაძის მოედანსა და შარტავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იგეგმება >>

ხიდები ათობით წელია ექსპლუატაციაშია და მათი შეკეთება ამ დრომდე არ მომხდარა. პროექტის ფარგლებში იგეგმება დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟი და ახლის აშენება, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობა.

თბილისის მერია საფეხმავლო ხიდს გაარემონტებს

პირველ ეტაპზე საავტომობილო მოძრაობა თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით სამი თვის განმავლობაში შეზღუდული იქნება. ამ პერიოდში საავტომობილო მოძრაობა საპირისპირო მხარეს გადაერთვება და მოძრაობა ორმხრივი გახდება.

მეორე ეტაპზე შეზღუდვა აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით შეიზღუდება და, შესაბამისად, საპირისპირო მიმართულება გახდება ორმხრივი.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 1,6 მილიონი ლარია.