„საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი": ლომჯარია მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების შესახებ

საქართველოს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ მკაცრად გააკრიტიკა 16 წლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის გამოძიების მიმდინარეობა.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. თბილისში მოკლული მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის საქმის გამოძიება ბევრ ეჭვსა და კითხვებს ბადებს, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია Rustavi2–ის ეთერში.

პარლამენტი მოზარდების მკვლელობის საქმით დაკავდება – კომისია შეიქმნა>>>

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად 2017 წლის 1 დეკემბერს დაიღუპნენ. სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. მეორე ბრალდებული დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს — სასამართლომ ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი. 

რა ულტიმატუმი წაუყენა კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძეს

„ჩანს, რომ ამ ეტაპზე გამოძიება თეთრი ძაფითაა ნაკერი. მოწმემ ისეთი ჩვენებები მისცა, რომლის საფუძველზეც უნდა დაწყებულიყო გამოძიება, მაგრამ არ დაიწყო. ამოღებული არ არის მტკიცებულებები. როცა მტკიცებულებები არ არის ამოღებული, როცა დაკითხვაზე როგორც დასმული, ისე არდასმული შეკითხვები იწვევს ეჭვს… არ არის ჩატარებული ძირითადი საგამოძიებო ღონისძიებები მაშინ, როცა ეს იყო ჩასატარებელი. ყურადღება არ ექცევა გარემოებებს, რომელზეც ბევრი მოწმე საუბრობს“, – განაცხადა ლომჯარიამ. 

მისი აზრით, ამ საქმეში შეიძლება ბევრი თანამდებობის პირის ინტერესთა თანხვედრა მოხდა, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა.

განაჩენის გამოცხადების დღიდან, 31 მაისიდან სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერად თბილისში მრავალათასიანი აქციები დაიწყო. მომიტინგეებმა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას მიაღწიეს, შემდეგ კი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტი პოლიტიკურში გადაიზარდა, მას მხარი რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა.

სარალიძემ პრემიერს ერთკვირიანი ვადა მისცა>>>

საქმის შესასწავლად საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით მოზარდების მკვლელობის საქმე თავიდან გამოსაძიებლად პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტოს დაუბრუნდა.