თბილისის მერია ე.წ. ვარკეთილის ხიდების გარემონტებას იწყებს

თბილისის აეროპორტის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია ე.წ. ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას იწყებს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გზაზე მდებარეობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხიდები ათობით წელია ექსპლუატაციაშია და მათი შეკეთება ამ დრომდე არ მომხდარა.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს — ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას. პროექტი ეფუძნება კვლევას, რომლითაც მათი ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა და აღდგენითი სამუშაოების საჭიროება დადგინდა. ხიდების რეკონსტრუქცია შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება", — ციტირებს კალაძის სიტყვებს მერიის პრეს-სამსახური.

თბილისის მერიას ელექტროავტობუსების იმპორტზე საგადასახადო შეღავათები სურს

მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იგეგმება დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟი და ახლის აშენება, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობა.

„პროექტის განხორციელების პროცესში თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციაში იმუშავებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტი", — აღნიშნა მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

პირველ ეტაპზე საავტომობილო მოძრაობა თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით სამი თვის განმავლობაში შეზღუდული იქნება. ამ პერიოდში საავტომობილო მოძრაობა საპირისპირო მხარეს გადაერთვება და მოძრაობა ორმხრივი გახდება.

მეორე ეტაპზე შეზღუდვა აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით შეიზღუდება და, შესაბამისად, საპირისპირო მიმართულება გახდება ორმხრივი.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 1,6 მილიონი ლარია.