თბილისის მეტროპოლიტენის თითქმის სამდღიანი პარალიზება დასრულდა. სამდღიანი გაჩერების მიზეზი მეტროს მემანქანეების გაფიცვა გახდა, რომლებიც უკვე წლებია ხელფასების მატებას ითხოვდნენ და მეტროს გაჩერებით იმუქრებოდნენ. რამ გამოიწვია ქალაქის მთავარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება და რა შედეგი მოჰყვა პროტესტს – დაახლოებითი ვარაუდი შეგვიძლია. ზუსტი მონაცემები ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
თბილისის მეტროს 50 წელიწადზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. აქ პირველმა მგზავრებმა 1966 წელს იმგზავრეს და მას შემდეგ, 2018 წლის 4 ივნისამდე არც ერთი დღე არ ყოფილა, მატარებლებს არ ემოძრავათ. დღევანდელი მონაცემებით, მეტრო ყოველდღიურად დაახლოებით 300 000 მგზავრს ემსახურება.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენი დაახლოებით 180-მდე მემანქანეს აერთიანებს. მათ ხელფასის მომატება რამდენიმე წლის წინ ხმამაღლა მოითხოვეს. ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ წინასაარჩევნოდ უხვად გაცემულმა დაპირებებმა არა მარტო მეტროს თანამშრომლებს, არამედ ლამის მთელ ქვეყანას გაუჩინა უკეთესი ცხოვრების მოლოდინი. ჰოდა, რა გასაკვირია მეტროს თანამშრომლებსაც დაპირებული უკეთესი ანაზღაურების მოლოდინი რომ ჰქონდათ? მართალია, მეტროს თანამშრომლებს ხელფასები ეტაპობრივად მცირედ გაუზარდეს კიდეც, მაგრამ სავალუტო კრიზისმა და სამომხმარებლო ფასების ზრდამ გაზრდილი ხელფასებიც ისევე „შეჭამა“, როგორც მომატებული პენსია. ამიტომ 2016 წლის აპრილში მეტროს თანამშრომლების მოთხოვნამ უკვე კატეგორიული ფორმა მიიღო და მათ გაფიცვაც დააანონსეს. მეტროს თანამშრომლებს მაშინდელი მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. მერია მოლაპარაკებებზე წავიდა და ხელფასის გარკვეული მატების გამო ქალაქი მეტროს გაჩერებას გადაურჩა.
თუმცა, მას შემდეგ რამდენჯერმე კვლავ წამოიწია მემანქანეების მოთხოვნამ და გაფიცვის საკითხიც კვლავ დაბრუნდა დღის წესრიგში. წელს, აპრილში დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ, ხაზის მემანქანე რატი კაპანაძემ თბილისის მერიას ულტიმატუმი წაუყენა: თუ მეტროს მემანქანეების საშუალო ხელფასი 1038 ლარიდან 1500 ლარამდე არ გაიზრდებოდა და მერია 1 მაისამდე კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამდა, მეტროს თანამშრომლები გაიფიცებოდნენ. კაპანაძის თქმით, გაფიცვაში მემანქანეებთან ერთად მეტროპოლიტენის სხვა სამსახურების წარმომადგენლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. საბოლოოდ გაფიცვის თარიღმა კი გადაიწია, მაგრამ დედაქალაქი სატრანსპორტო კოლაფსს მაინც ვერ ასცდა. დედაქალაქის მერიაში აცხადებდნენ და ახლაც იმავეს ამბობენ, რომ ქალაქის წლევანდელ ბიუჯეტში არ არის მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის მატების რესურსი. ამიტომ, გაფიცვის მიუხედავად, წელს არ აპირებენ ხელფასების მომატებას. ქალაქის თავის კახა კალაძის თქმით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ზარალი ისედაც ყოველწლიურად 16 მილიონ ლარს აჭარბებს და დანაკლისს ბიუჯეტი ფარავს.
ვინ არის პასუხისმგებელი ქალაქის პარალიზებაზე
„მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და დედაქალაქის მთავრობა. მინდა მკაფიოდ განვუცხადო ყველას, რომ მეტრო იმუშავებს როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, — ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მეტროს მემანქანეების დაანონსებულ გაფიცვას 2 მაისს. მაშინ მემანქანეები გაფიცვას 3 მაისიდან აპირებდნენ, თუმცა, როგორც ვნახეთ, გაფიცვა ერთი თვით გადაიდო. 4 ივნისს დაწყებულ გაფიცვაზე კი ქალაქის მერიამ პასუხისმგებლობა მეტროს მემანქანეებს დააკისრა. ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისიც განაცხადა, შესაძლოა გაფიცვის გამო მემანქანეების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგესო. ცალკე საკითხია ხელფასები ამბავი — მერიაში აცხადებენ, რომ ხაზის მემანქანეების ხელფასი 1400-დან 1800 ლარამდე მერყეობს, ხოლო მემანქანე ინსტრუქტორების ანაზღაურება სულაც 2000 ლარს აჭარბებს. მერიის მონაცემებს ტყუილი უწოდეს მემანქანეებმა და რამდენიმე დღე მერიამ და მემანქანეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს.
ასე იყო თუ ისე, მემანქანეებმა თავისი დაპირება შეასრულეს და უპრეცედენტო მოვლენაც ვიხილეთ — თბილისის მეტროპოლიტენი, რომელიც ყველა დროს — საბჭოთა პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებისას, მხედრიონის თარეშისას თუ შევარდნაძის მმართველობისდროინდელ კრიზისშიც კი მუდამ მუშაობდა, ახლა, 2018 წლის ივნისში სამი დღით გაჩერდა.
გაფიცვის შედეგი კარგად გამოჩნდა. თბილისის ისედაც გადატვირთული ქუჩები უარესად გადაიჭედა — იმ ხალხმაც საკუთარი ავტომობილებით დაიწყო გადაადგილება, ვინც ჩვეულებრივ მეტროთი მგზავრობდა და მანქანას შინ ტოვებდა. „საცობებზე“ ცალკე მერიის გადაწყვეტილებამაც იმოქმედა — კალაძის უწყებამ გადაწყვიტა მეტროს გაჩერება ავტობუსების დამატებით დაებალანსებინა და თანაც მგზავრობა უფასოდ შესთავაზა ხალხს. შესაბამისად, ქუჩებში გამოყვანილმა მეტმა ავტობუსმა უარესი ხერგილები წარმოქმნა. გაიზარდა ქალაქის ბიუჯეტის ხარჯებიც.
დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ მემანქანეების ხელფასის გაზრდის რესურსი არსებობს, თუ შესაბამისი ნება იარსებებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დედაქალაქში ბიუროკრატიული ხარჯები 40 მილიონი ლარით არის გაზრდილი და თუ მერია ამ ხარჯებს შეამცირებს, ხელფასის გაზრდის საშუალება გაჩნდება არა მხოლოდ მეტროს მემანქანეებისთვის, არამედ მეეზოვეებისთვის, გარე განათებაზე მომუშავე პერსონალისთვის, ბაღის მასწავლებლებისთვის და ა.შ.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი მეტროს გათიშვით მიღებულ ზარალზე ლაპარაკობს. მისი თქმით, მხოლოდ მეტროპოლიტენის გათიშვის გამო დედაქალაქის ბიუჯეტი ყოველდღიურად 150-175 ათას ლარამდე ზარალდება. პარალელურად, როცა მერიამ მგზავრებს ავტობუსებით უფასოდ მომსახურება შესთავაზა, ბიუჯეტს ესეც დღეში დაახლოებით 150 ათას ლარამდე დაუჯდა. ხაბეიშვილის თქმით, გაფიცული მემანქანეების მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მეტროს შეუფერხებლად მუშაობას წლიურად სულ 700 000 ლარი ეყოფოდა, მერიის სიჯიუტის გამო კი ეს თანხა ტყუილად დაკარგა თბილისის ბიუჯეტმა.
მეტროს პარალიზებით მიღებული ზარალის სხვა თანხას ასახელებენ თბილისის მერიაში. ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ დღიური ზარალი მხოლოდ 40-45 ათასი ლარია. მისი მტკიცებით, რადგან მეტრო დოტაციური საწარმოა და მუშაობისას შემოსავალზე მეტი ხარჯი აქვს, ამიტომ, მართალია, შემოსავალი არ შემოდის, მაგრამ, სამაგიეროდ, არც ის ხარჯია გასაწევი, რაც მეტროს მუშაობისთვისაა საჭირო. თუმცა, ავტობუსებით უფასოდ მგზავრების გადაყვანას ცალკე რამდენი სჭირდება, ირაკლი ხმალაძეს განცხადებაში არ უთქვამს.
რაზე შეთანხმდნენ მერი და მემანქანეები
თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 ივნისს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მეტროს მემანქანეებთან მიაღწიეს შეთანხმებას. ამ შეთანხმების მიხედვით, თბილისის მერია 2019 წლიდან მიუბრუნდება მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის საკითხს.
მემანქანეები აცხადებენ, რომ ისინი კახა კალაძეს „სიტყვაზე ენდნენ“ და სწორედ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს გაფიცვა. როგორც მემანქანეებმა განაცხადეს, დედაქალაქის მერი მათ დაპირდა, რომ 2019 წლის პირველი კვარტლიდან (იანვრიდან) დაიწყება ხელფასების მატება და ანაზღაურება ეტაპობრივად მოიმატებს. მეტროს თანამშრომლებმა ზუსტად არც თვითონ იციან, როდის გაიზრდება მათი ხელფასი 45%-ით.
და, ბოლოს, როცა მეტროს თანამშრომლებისთვის ხელფასის მატების რესურსი არ მოიძებნა, პორტალი „აიფაქტი“ ავრცელებს ინფორმაციას რამდენიმე მაღალჩინოსნის შემოსავლის შესახებ. მაგალითად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორმა მამუკა კობახიძემ კომპანიიდან ერთ თვეში 13 333 ლარი მიიღო, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ კი თანამდებობაზე დანიშვნიდან 40 დღეში – 9 000 ლარი. აქეთ „რეზონანსი“ წერს, რომ ახლო მომავალში რეგლამენტით დადგინდება პარლამენტის წევრის გასამრჯელო, რომელიც 4624 ლარს შეადგენს. პარლამენტის წევრს აგრეთვე მიეცემა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა, რომელსაც პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს. ცვლილებას კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირებულია. ამ თემაზე ანალოგიური ინფორმაცია არაერთხელ წაგვიკითხავს, თუმცა მაღალჩინოსნების შემოსავლის ზრდა ყოველთვის უხმაუროდ ხდებოდა და ხდება ხოლმე და ბიუჯეტსაც „არასოდეს დაუწუწუნია“ ამის გამო, მაგრამ ახლა „არ არის მეტროს მემანქანის ხელფასის გაზრდის რესურსი“ და მოკალი, თუ გინდა! თანაც, გაფიცვამ თუ შედეგი გამოიღო, მერე უკვე ჯაჭვური რეაქციაა მოსალოდნელი სხვადასხვა უწყების თანამშრომლების მხრიდან და ვის სჭირდება აუტკივარი თავის ატკივება?..
თემურ იოსელიანი