ბრეგვაძე: მინდა ქართველმა ახალგაზრდობამ რუსეთი შეიყვაროს

მომღერლის განცხადებით, საქართველოში რუსეთიდან სტუმრებს სიხარულით ხვდებიან.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა საესტრადო მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ ქართველ და რუს ხალხებს შორის უბრალო მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ უფრო კარგად გაიცნოს და შეიყვაროს რუსეთი, როგორც ამას ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით. ჩვენ ვიყავით ერთი მთლიანი, ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. ძალიან მწყინს, რომ დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. ძალიან მინდა, რომ თქვენ საქართველო შეიყვაროთ", — განაცახდა ბრეგვაძემ ერთ-ერთი რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბურჯანაძე: მომავალმა პრეზიდენტმა უნდა გაბედოს მოსკოვში წასვლა

მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მოქმედებს.

2012 წლის მარტში ოფიციალურმა თბილისში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ამ დროიდან ქართული მხარე რუსეთისგან საპასუხო ქმედებას ელოდება. 2015 წლის დეკემბერში მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა.

„ქართველებისთვის ძველებურად არ მოქმედებს რუსეთში თავისუფლად შემოსვლის უფლება, საქართველოში კი რუსებისთვის — არის. არ იფიქროთ, რომ პოლიტიკაზე გადავდივარ, მე ადამიანურ ურთიერთობებზე ვსაუბრობ, სიყვარულისა და მეგობრობის მოთხოვნილებაზე", — აღნიშნა ბრეგვაძემ.

მომღერალმა განსაკუთრებით აღნიშნა ქართული სტუმართმოყვარეობა, რომელსაც, მისი სიტყვებით, საზღვრები არ აქვს.

„როცა რუსეთიდან ჩამოდიან სტუმრად, როცა ისინი ჩვენთან ურთიერთობენ, ჩვენ ბედნიერები ვართ. ჩვენ მტრობა არ გვაქვს", — ხაზგასმით აღნიშნა ბრეგვაძემ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.