კიიიდო?!. ანუ რა სარგებლობა მოაქვს ეროვნულ ბანკს

ერთი თვის მონაგარი და მომავლის გათვლები... რას ითვალისწინებს მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები საბანკო სფეროში, როდიდან შევა ძალაში ეროვნული ბანკის დამატებითი რეგულაციები და რა სარგებელს მიიღებს მისი უდიდებულესობა ხალხი?
Sputnik

წამმზომმა ერთი თვის ათვლა პრაქტიკულად დაასრულა. სწორედ ეს დრო გავიდა, რაც ქვეყნის ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები ძალაში შევიდა და კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა აეკრძალათ.

იყო მოლოდინი, რომ საკრედიტო საქმიანობის შეზღუდვა კომერციული ბანკების შემოსავლებსა და, შესაბამისად, მოგებაზე უარყოფითად აისახებოდა. საანგარიშო პერიოდი მხოლოდ ახლა იწურება და ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დარგის სპეციალისტები სტატისტიკურ მონაცემებს ჯერ კიდევ ამუშავებენ, თუმცა პირველადი მონაცემებით ირკვევა, რომ მინიმუმ განახევრდა სამომხმარებლო სესხების გაცემა, ხოლო ერთი მესამედით შემცირდა განვადების მოცულობა. დაზუსტებული პარამეტრები სულ მალე გაცხადდება. ამასობაში საზოგადოებამ შეიტყო, რომ საბანკო-საფინანსო სფეროში ახალი საკანონმდებლო ცვლილებებია მოსალოდნელი. თამაშის შესაძლო ახალ წესებზე დეტალურად ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მომავალი რეფორმა ეკონომიკის დაკრედიტების ახალი, ხარისხობრივი სტანდარტების დაწესებას ითვალისწინებს. ის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ემსახურება. კვლავაც მთავარ გამოწვევად რჩება ჭარბვალიანობა, რომლის ეფექტიანი კონტროლის გარეშე სიღარიბის დამარცხება შეუძლებელია.

მერე რა, რომ ძაღლი ყეფს... ქარავანი მიქრის!...

რეფორმის ფარგლებში რამდენიმე სიახლე წესდება. კერძოდ, ყველა გამსესხებელს აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა მოითხოვოს სხვა ქონება თავისი მომხმარებლისგან, ანუ თანხის გადაუხდელობის გამო მხოლოდ არსებული გირავნობის საგანი დაყადაღდება და ყადაღა არ გავრცელდება სხვა ქონებაზე; ლომბარდებს და კერძო გამსესხებლებს ეკრძალებათ მოძრავი და უძრავი ქონების დაგირავება; მნიშვნელოვანია, რომ სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ახლა 100 პროცენტს შეადგენს, 50 პროცენტამდე მცირდება; გაუქმდება ამჟამად არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემა და გამსესხებლებს აეკრძალებათ ჯარიმა დათვალონ კრედიტის საერთო მოცულობიდან; წესდება ლიმიტი სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის (ჯარიმა, ნებისმიერი საკომისიო, ფინანსური ხარჯი, პირგასამტეხლო) ოდენობაზე და განისაზღვრება წლიური 98.55 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული წლიური 150 პროცენტისა; მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ ფინანსურ სუბიექტებს მოეთხოვებათ გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, სადაც აღირიცხება ყველა დაგირავებული ნივთი; სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ ოთხი წლის ვადით გაიცემა, მაშინ, როცა დღეის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა ხუთი წელია. რაც შეეხება იპოთეკურ და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, მათი მაქსიმალური ვადა, შესაბამისად, ოცი და ათი წელი იქნება.

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მევახშეობა რთულდება!..

ახალი წესები გავრცელდება ფინანსური სექტორის ყველა სუბიექტზე. სავალდებულო იქნება ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისთვის.

რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს დამატებითმა რეგულაციებმა და ხომ არ გახდება ეს სესხების გაძვირების წინაპირობა? ექსპერტების ერთი ნაწილი მიანიშნებს, რომ საფინანსო სექტორი რეგულაციებს გვერდს მარტივად აუვლის.

ანლიტიკოსი გოჩა თუთბერიძე: „გავიხსენოთ თუნდაც ლარიზაცია. 100 000 ლარამდე სესხის ლარში გაცემის რეგულაციაზე გვერდის ავლას კომერციული ბანკები შესანიშნავად ახერხებენ. ასეთი შეზღუდვები არაფრის მომტანი არ არის… მარეგულირებელი ცდილობს იმის მტკიცებას, რომ შესაძლოა ადამიანებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ, თუმცა, რაც მეტი რეგულაცია იქნება, მით უფრო მეტად გაიზრდება ტრანზაქციული ხარჯები და მომხმარებლებს საბანკო პროდუქტები გაუძვირდებათ. გაცილებით დამძიმდება მსესხებლების მდგომარეობა. ნაცვლად იმისა, რომ იყოს რაც შეიძლება ნაკლები რეგულაცია და მეტი ეკონომიკური თავისუფლება, ახლა მემარცხენე პროცესებისკენ მივდივართ. საერთაშორისო გამოცდილებას გადავხედოთ – მსგავსი შეზღუდვები უცხოურ ბანკებში არ არსებობს. იქ ყველა ბანკს თავისი საკუთარი, ინდივიდუალური პოლიტიკა გააჩნია და მას სამომხმარებლო სესხზე შეუძლია დააწესოს ნებისმიერი ვადა. იქ იპოთეკური სესხები 35-40-წლიან პერიოდზე გაიცემა. საპროცენტო განაკვეთები კი 2 პროცენტამდეა…“

ძველი რეალობა და ფულის სესხების ახალი წესები...

პატივცემულმა ექსპერტმა ე.წ. ლარიზაციის პროგრამა გაიხსენა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყანაში 2015-2016 წლებში არსებული დოლარიზაციის მაღალი ხარისხის შემცირება იყო. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა კვლავაც სერიოზულ გამოწვევად რჩება.

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ახლა საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა 70 პროცენტიდან 62 პროცენტამდე, რაც ნიშნავს, რომ დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 29 პროცენტიდან 37 პროცენტამდე. სესხების ლარიზაცია გაიზარდა 34 პროცენტიდან 44 პროცენტამდე, ხოლო დოლარიზაცია შემცირდა 65 პროცენტიდან 55 პროცენტამდე. ქვეყნის მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს ლარიზაციის გეგმას და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით…“
ექსპერტ-ანალიტიკოთა და დარგის სპეციალისტთა ერთი ნაწილის განცხადებით, ეროვნული ბანკის მოსალოდნელი რეგულაციები გარდაუვალი აუცილებლობით არის ნაკარნახევი…

დამუხრუჭებული მუხრუჭი... ანუ მთავრობის „ყვითელი ბარათი“ ბანკირებს!

ფინანსისტი შოთა გულბანი: „ქვეყანაში, სადაც ფულადი რესურსის დეფიციტია, მსესხებელი ხშირად იძულებულია დათანხმდეს კაბალურ პირობებს. მოსახლეობაში ე.წ. ვალაუვალობამ კიდევ უფრო მძიმე ფორმები რომ არ მიიღოს, რაც სესხის გამცემი ორგანიზაციების მხრიდან არის მეტწილად სტიმულირებული, ლიმიტების დაწესება აუცილებელია… მოსალოდნელი რეგულაციების ნაწილი სესხების ვადებს შეეხება, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალურ ვადად 10-20, ხოლო სხვა დანარჩენი სესხებისთვის 4 წელი განისაზღვრა. ცხადია, რომ სესხის ვადა ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია მასზე არსებული საპროცენტო განაკვეთის, რაც უფრო გრძელვადიან პერიოდზე დაგეგმავ სესხის დაბრუნებას, საერთო ჯამში მით უფრო მეტის დაბრუნება მოგიწევს ბანკისთვის პროცენტის სახით, ხოლო თუ თანხას მოკლევადიან პერიოდში დაუბრუნებ საფინანსო ორგანიზაციას, პროცენტიც შედარებით ნაკლები გექნება გადასახდელი. არ ვფიქრობ, რომ სამომხმარებლო სესხის, ან თუნდაც სხვა კატეგორიის სესხებზე ვადების შემცირება პროცენტს გააძვირებს… ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, პირიქით მოხდეს…“
როდიდან და რა სახით შევა დამატებითი რეგულაციები ძალაში, ახალი წესები როგორ აისახება საფინანსო ბაზარზე, დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ რაღაც ისე აღარ არის, როგორც ადრე იყო!..