ზინედინ ზიდანი. ლეგენდარული ფეხბურთელის ისტორია

Sputnik

ალჟირული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა. იხილეთ ფოტოკადრები, სადაც აღბეჭდილია მომენტები, თუ როგორ ვითარდებოდა ზიდანის კარიერა.

ზიდანმა კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ "კანში", მოგვიანებით კი "ბორდოს" რიგებს შეუერთდა. თუმცა მსოფლიოსათვის ცნობილი ის "იუვენტუსისა" და მადრიდის „რეალის" შემადგენლობაში თამაშით გახდა. სწორედ ამ გუნდებში მოიპოვა მან თორმეტი ჯილდო.

ზიდანი სამჯერ აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად (1998, 2000, 2003) და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად (1998). 2004 წელს ის უეფამ ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 2016 წელს კი ზიდანი France Football-ის ვერსიით საფრანგეთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი გახდა. "რეალმა" ის 2001 წელს 75 მილიონ ევროდ იყიდა, რაც იმ მომენტისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო.

1994 წლიდან 2006 წლის ჩათვლით ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი იყო, რომლის შემადგენლობაშიც ის გახდა მსოფლიო ჩემპიონი (1998) და ევროპის ჩემპიონი (2000). მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წელს ის ნაკრების კაპიტანი იყო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

კარიერის დასრულების შემდეგ ზიდანი ბოლო დრომდე "რეალის" რიგებში განაგრძობდა მოღვაწეობას, სადაც იყო პრეზიდენტის მრჩეველი, სპორტული დირექტორი, მეორე გუნდის მწვრთნელი და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ის მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი იყო.

2017 წლის ოქტომბერში The Best FIFA Football Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ზიდანი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს — "რეალმა" ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე, რაც მანამდე ვერავინ შეძლო.

1 / 14
ინტერნეტ-გამოკითხვაში უეფას გვერდზე 2004 წელს ზიდანი ბოლო 50 წლის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად დაასახელეს
2 / 14
რონალდოსთან ერთად, ზიდანი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სამჯერ მიიღო ჯილდო "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი"
3 / 14
ფეთქებადი ხასიათის გამო კარიერის საწყის ეტაპზე საფრანგეთის U-19 და U-21 ნაკრებების მწვრთნელებს არ სურდათ ზიდანის კანდიდატურის განხილვა ნაკრების რიგებში
4 / 14
ფეხბურთელის სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის სპეციფიკამ და მისმა წარმომავლობამ ენების ცოდნა განაპირობა. გარდა ფრანგულისა, ზიდანი ფლობს ალჟირულს, ბერბერო-ლიბიურ ენებს, არაბულს, იტალიურს, ფრანგულ და ესპანურ ენებს
5 / 14
საფეხბურთო კარიერა ზიდანმა "რეალში" დაასრულა და აქვე დაიწყო მწვრთნელის კარიერა
6 / 14
მიხაელ შუმახერთან ერთად ზიდანმა მეორე ხარისხოვანი როლი მოირგო ფილმში "ასტერიქსი და ობელიქსი ოლიმპიურ თამაშებზე"
7 / 14
ზიდანმა კარიერის განმავლობაში სულ 14 წითელი ბარათი მიიღო, აქედან ორი ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს. ფოტოზე - ზინედინ ზიდანი წითელ ბარათს ღებულობს არგენტინელი მსაჯი ჰორაციო ელიზონდოსგან
8 / 14
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზიდანის ფენომენალური გამოსვლის შემდეგ, სადაც ფრანგებმა გაიმარჯვეს, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე მალდინიმ განაცხადა: "ჩემი გუნდის ხუთ მოთამაშეს გავცვლიდი ზიზუში". ფოტოზე - ზიდანი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის ნახევარფინალში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ საფრანგეთი და ხორვატია
9 / 14
24 წლის ასაკში ზიდანი გამელოტდა. თუმცა მამაკაცების უმეტესობისგან განსხვავებით ზიდანი ამ პრობლემას იუმორით მიუდგა: "ჩემს მეუღლეს მოსწონს ეს ვარცხნილობა, ამიტომ მე ეს არ მიმაჩნია პრობლემად", - თქვა ზიზუმ. ფოტოზე - "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი და მისი მეუღლე ვერონიკა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ "რეალსა" და "ლივერპულს" შორის გამარჯვებას აღნიშნავენ, კიევი
10 / 14
ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში თამაშისას გაიტანა 31 გოლი, მათგან 16 მეორე ტაიმში. აქედან შვიდი გოლი გატანილი აქვს მატჩების ბოლო 10 წუთის განმავლობაში. ფოტოზე - ზიდანი საფრანგეთისა და ხორვატიის მატჩზე ევრო-2004-ზე
11 / 14
ზიდანი "რეალს" 2016 წელს ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით მადრიდელები გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები, აიღეს ქვეყნის სუპერთასი, სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის
12 / 14
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანით ზიდანი შევიდა ელიტურ მოთამაშეთა სიაში, რომლებმაც გოლი გაიტანეს მსოფლიოს პირველობისათვის გამართულ ორ ფინალურ მატჩში. ზინედინ ზიდანი ამ სიაში შეუერთდა ვავას, პელესა და ბრაიტნერს. ფოტოზე - ზიდანი და ფაბიო კანავარო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
13 / 14
2002 წლის 15 მაისსზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი გოლი გაიტანა. თითქოს "სუსტი" ფეხით მან დაუჯერებელი დარტყმა შეასრულა და "ბაიერის" კარში გოლი გაიტანა, რითაც "სამეფო კლუბმა" გამარჯვება მოიპოვა
14 / 14
ზიდანი საკმაოდ კარგად თამაშობდა თავით და არაერთი გოლი გაუტანია "მეორე სართულიდან". თუმცა მისი ყველაზე ცნობილი "თაური" ზიდანის ბოლო ოფიციალურ მატჩში ვიხილეთ. 110-ე წუთზე ზიდანი მოედნიდან გააძევეს იმის გამო, რომ მან მარკო მატერაცის მკერდში თავი ჩაარტყა. ფოტოზე - ფრანგი სკულპტორი ადელ აბდესსედის ნამუშევარი, რომელზეც ეს მომენტია ასახული