ზივზივაძე: ექსპორტზე ყველას კარგი და იაფი უნდა

ქართული პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში ხელს მცირე მოცულობა უშლის, განაცხადა მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ "Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი —Sputnik. მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე მიიჩნევს, რომ ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შანსი წარმოების მოცულობის არსებულ პირობებში ნაკლებად აქვთ.

„თუ პროდუქტი დიდი რაოდენობით არ მოგყავს, მცირე პარტიის წარმოება და შემდეგ რეალიზაცია არაკონკურენტულ ფასში გამოგდის, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ძვირი ჯდება", – განაცხადა ტარიელ ზივზივაძემ.

მისი თქმით, პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდას ლოგიკურად მოჰყვება თვითღირებულების კლება, რაც მერე სარეალიზაციო ფასის შემცირებას გამოიწვევს და გაზრდის ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობას.

ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარს იპყრობს

ტარიელ ზივზივაძე ქართულ კომპანიებს უცხოეთში პარტნიორების მოძიებაში ეხმარება. მისი თქმით, უცხოეთში ყოველთვის არის მოთხოვნა იმაზე, რაც არის კარგი და კონკურენტულ ფასში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 2018 წლის იანვარ-აპრილში 22%-ით გაიზარდა 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 961,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოდან გააქვთ სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.