ზაზა სარალიძე პოლიტიკოსებთან ერთად კვირიკაშვილთან შეხვედრას აპირებს

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული არ არის
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხვალ, 14:00 საათისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამის შესახებ განცხადება სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა, შემდეგ კი აქცია დატოვა.

ზაზა სარალიძე: „მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე...“

„ხვალ, 14:00 საათზე მივდივარ პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. ყველა პოლიტიკოსთან, საზოგადოებრივ მოღვაწეებთან და ელიტის წარმომადგენლებთან ერთად. დანარჩენ დეტალებს ჩემი მეგობრები გაგაცნობენ. ბოდიშს გიხდით, მეუღლე მართლა ძალიან ცუდად მყავს. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. უნდა დავბრუნდე სახლში და ხვალ თქვენთან ვარ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამასთან, როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განმარტა, შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული არ არის და იმედი აქვს, შეხვედრა ხვალ შედგება.

აქცია ვაკის პარკში: „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“

ზაზა სარალიძემ პროტესტის რადიკალურ ზომას — ქუჩის აქციებს მას შემდეგ მიმართა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე — ვინ მოკლა მისი შვილი დათო სარალიძე. მკვლელობაში ბრალდებულ პირს სასჯელი მიესაჯა მკვლელობის მცდელობისთვის, რადგან პროკურატურამ ვერ დაამტკიცა, რომ სწორედ მან მოკლა დავით სარალიძე.

სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურის ჩინოსნებმა და გამომძიებლებმა მომხდარის რეალური დეტალები დამალეს და მისი შვილის მკვლელს ხელს აფარებდნენ.