თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მასპინძლობით ტექნოპარკში ინტერნეტ-მმართველობის საკითხებზე ფორუმი YouthDIG 2018 მიმდინარეობს, ნათქვამია სააგენტოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმი ევროპული დიალოგის, EuroDIG 2018-ის ფარგლებში მიმდინარეობს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა დელეგატები ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ და გამართავენ დისკუსიებს ინტერნეტ-მმართველობის ძირითად საკითხებზე.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ქართული სტარტაპები: Influence Georgia, WIFISHER, Phage Nutraceuticals, QuickCash, QuickCash. ევროპიდან კი 60-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
„საქართველოში ინტერნეტ-მმართველობა სწორი მიმართულებით, ინტენსიურად ვითარდება, ინტერნეტი კი ღია და დაცულია. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ინტერნეტ ფორუმის თბილისში ჩატარება“, — განაცხადა ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.
ამ რანგის და მნიშვნელობის ინტერნეტ-ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. ფორუმი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყანაში პირველად ტარდება, ხოლო მეორე შემთხვევაა, როდესაც ის ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში მიმდინარეობს.