ნებისმიერი ფეხბურთის გუნდი, და არამარტო ფეხბურთის, დროის რაღაც პერიოდში აწყდება გარდაუვალ პრობლემას – თაობათა ცვლას.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ გასული საუკუნის 70–იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრები ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე (1974 და 1978 წლების) დამარცხდა – საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში სწორედ ხარისხიანი ფეხბურთელების ნაკლებობის მიზეზი იყო. და თუ არგენტინაში გამართულ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან მიმართებით ასეთი მიდგომა დასაშვებია, ნაკრების ბედში გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის წინ პოლიტიკა ჩაერია.
რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხუეცილავა, ოლეგ ბლოხინი, ვლადიმერ გუცაევი – ეს მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის სახელია, რომლებმაც საბჭოთა ნაკრებისთვის 1974 წლის შესარჩევი ციკლი მოიგო.
დღევანდელ რეალობაში ნაკრებმა, რომელმაც შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ავტომატურად კვალიფიცირდება მსოფლიო ჩემპიონატზე. მაგრამ მაშინ სხვაგვარად იყო. ფიფას რეგლამენტით, ევროპის მეცხრე ჯგუფის გამარჯვებილი სამხრეთ ამერიკაში მესამე ჯგუფში გამარჯვებულ გუნდთან ფინალურ ტურნირში გასვლის მოპოვებისთვის ხვდებოდა.
ეს ნაკრები ჩილეს გუნდი აღმოჩნდა. მოსკოვში გამართულ პირველ მატჩში გუნდებმა შეხვედრა ფრე ანგარიშით 0:0 დაასრულეს, სანტიაგოში საპასუხო მატჩზე კი ჩინოვნიკებმა საბჭოთა კავშირის გუნდი არ შეუშვეს და მიზეზად ჩილეში შექმნილი პოლიტიკური ვითარება დაასახელეს – 1973 წელს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომლის შედეგად ხელისუფლებაში აუგუსტო პინოჩეტი მოვიდა.
და ამით, შეილება ითქვას, ხელის ერთი მოსმით „მოკლეს“ მრავალი ფეხბურთელის ოცნება, რომელთათვისაც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მიუღწეველ მიზნად დარჩა.
მსოფლიო ჩემპიონატი – 1982 (ესპანეთი)
გასული საუკუნის 70–იანი წლების ბოლო და 80–იანი წლების დასაწყისი საბჭოთა ფეხბურთში თბილისის „დინამოს“ დომინირების პერიოდი გახდა. ნოდარ ახალკაცის გუნდმა 1977 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი ეროვნული პირველობა მოიგო. პარალელურად, „დინამოელებმა“ ქვეყნის ორი თასი (1967,1979) მოიპოვეს და კიდევ ერთხელ ითამაშეს ფინალში 1980 წელს.
რა თქმა უნდა, „დინამოს“ ყველაზე მთავარი მიღწევა 1981 წელს თასების თასის მოპოვება გახდა, როდესაც ფინალში ქართველებმა გერმანული „კარლ–ცეისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. 67–ე წუთზე ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მატჩის დასასრულს კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
არაფერი გასაკვირი არაა იმაში, რომ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებით სსაბჭოთა ნაკრები დაინტერესებული იყო, სადაც ქართველები „პირველი ვიოლინოს“ როლს თამაშობდნენ.
კონსტანტინ ბესკოვის ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრებს არცერთი დამარცხება არ უგემია, შესარჩევ ჯგუფში მარტივად იგებდა და 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთში კვალიფიცირდებოდა. საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში თბილისის „დინამოს“ ოთხი მოთამაზე მოხვდა: მცველები ალექსანდრე ჩივაძე, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო (მურთაზ ხურცილავას შემდეგ მეორე ქართველი) და თენგიზ სულაქველიძე, ნახევარმცველი ვიტალი დარასელია და ცენტრალური თავდამსხმელი რამაზ შენგელია.
ესპანეთში კიდევ ერთ დიდ ქართველ ფეხბურთელს, როგორც მას ბევრი ეძახდა – „პროფესორს“ უნდა ეთამაშა, მაგრამ 1981 წლის სექტემბერში დავით ყიფიანმა ფეხი მოიტეხა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოოდ გამოჯანმრთელება ვერ შეძლო.
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაში საბჭოთა ნაკრები ბრაზილიის, შოტლანდიისა და ახალი ზელანდიის გუნდებთან ერთად ექვსეულში მოხვდა.
საბჭოთა გუნდისთვის პირველი გამოცდა ბრაზილიის ნაკრები გახდა, რომლის შემადგენლობაში ზიკო და სოკრატესი ბრწყინავდნენ. ბევრი ექსპერტისა და ფეხბურთის მოყვარულის აზრით, ბრაზილიის ეს გუნდი ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო – ნამდვილ ფეხბურთს თამაშობდა და რომანტიზმით იყო განმსჭვალული.
მოწინააღმდეგის სიძლიერის მიუხედავად, საბჭოთა ფეხბურთელებმა მაინც მოახერხეს პირველი გოლის გატანა. 34–ე წუთზე ანდრეი ბალმა საჯარიმო მოედნის გარე პერიმეტრიდან ძლიერად დაარტყა, რაც ვალდირ პერესისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
და მაინც, საბოლოო სიტყვა ბრაზილიელებმა თქვეს. საბჭოთა ნაკრების ცენტრში სუსტი წერტილები რომ ვერ იპოვეს, სადაც მთავარი ჩივაძე და სულაქველიძე იყვნენ, ბრალიზიელებმა გრძელი დარტყმები გამოიყენეს. თავიდან სოკრატესი გამოირჩა, 88–ე წუთზე კი ბრაზილიის გუნდს გამარჯვება ედერმა მოუტანა.
ბესკოვის ქვეშევრდომებს პირველ მატჩში დამარცხება ავალდებულებდა მოეხდინათ რეაბილიტირება მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტების – ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მატჩისთვის. თამაშში, რომელიც მალაგაში ჩატარდა, სასტარტო შემადგენლობაში კვლავ გავიდა ოთხივე ქართველი ფეხბურთელი. თუმცა, შესვენების შემდეგ, ვიტალი დარასელია მწვრთნელმა შეცვალა.
მატჩი საბჭოთა ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 3:0. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი იური გავრილოვმა გაიტანა, მეორე ტაიმში კი ტაბლოზე საკუთარი გვარები აანთეს ოლეგ ბლოხინმა და სერგეი ბალტაჩმა. მთავარია, რას მიაღწია ამ მატჩში საბჭოთა გუნდმა – სოლიდური სხვაობა გაშვებულ და გატანილ გოლებს შორის, რომელიც კვარტეტში მეორე ნაკრების განსაზღვრისას საკვანძო ფაქტორი გახდა.
გატანილი და გაშვებული გოლების უკვე ხსენებული განსხვავების გათვალისწინებით, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრძოლის გასაგრძელებლად საბჭოთა ნაკრებისთვის დასკვნით მატჩში შოტოლანდიის გუნდთან მატჩის ფრედ დასრულებაც საკმარისი იყო. ბრიტანელებს კი მხოლოდ გამარჯვება აწყობდა.
სასტარტო შემადგენლობაში ორი ცენტრალური მცველის, ჩივაძისა და სულაქველიძის ადგილი არ განიხილებოდა, ისევე როგორც რამაზ შენგელიას პოზიცია მკვეთრ შეტევებზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი მატჩი ქართველი ფეხბურთელებისთვის საუკეთესოდ არ წარიმართა, ბესკოვმა შენგელია კვლავ მოედანზე გამოუშვა. დარასელია კი მინდორზე არ გამოჩენილა.
გაბედულად შეიძლება ითქვას, რომ შოტლანდიის წინააღმდეგ თამაში გამოდგა ყველაზე „ქართული“ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. მე–15 წუთზე საბჭოთა ნაკრების კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც რინატ დასაევთან ერთიერთზე გასულმა ჯო ჯორდანმა შოტლანდიელები წინ გაიყვანა.
ბრიტანელებისთვის სასურველმა ანგარიშმა მეორე ტაიმის ნახევრამდე გასტანა. გავრილოვის ერთ–ერთი შეტევა შოტლანდიელმა მცველებმა დაბლოკეს, მაგრამ ბურთი ჩივაძესთან მოხვდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.
ხოლო მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე თავად შოტლანდიელებმა დაუშვეს შეცდომა. ორი მცველი ერთმანეთს შეეჯახა, ბურთი კი შენგელიამ აიღო და ერთიერთზე გავიდა შოტლანდიის ნაკრების მეკარესთან. სუნესმა ანგარიშში გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ რაუნდში ანგარიში 2:2 შოტლანდიელებისთვის საკმარისი არ იყო.
პოლონეთის ნაკრებმა ბელგიის გუნდი პირველივე მატჩში დაამარცხა ანგარიშით 3:0. პოლონელების გმირობის გამეორება საბჭოთა გუნდმა ვერ შეძლო და „წითელი დემონები“ ჰორენ ოგანესიანის მიერ გატანილი ერთადერთი ბურთის წყალობით მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ჩივაძე და შენგელია კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო დარასელია მინდორზე 87–ე წუთზე გამოჩნდა, რომელმაც ვლადიმირ ბესონოვი შეცვალა.
პოლონელების წინააღმდეგ თამაშის წინ საბჭოთა ნაკრები ისეთივე ვითარებაში აღმოჩნდა, როგორც შოტლანდიელები პირველ გუნდურ ეტაპზე – ნახევარფინალში გასასვლელად აუცილებელი იყო გამარჯვება, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგეს ფრე ანგარიშიც აწყობდა.
აი, როგორ იხსენებს აღნიშნულ მატჩს ალექსანდრე ჩივაძე:
„კვლავ პოლიტიკა ჩაერია. 1982 წელს პოლონეთში ლეხ ვალენსას „სოლიდარობამ“ იფეთქა. მატჩის დროს, რომელიც ბარსელონაში ტარდებოდა, მთლიანი ჩრდილოეთის ტრიბუნა ამ ორგანიზაციის სახელს სკანდირებდა. ჩვენ მოგება გვჭირდებოდა, ხოლო მწვრთნელებმა ისეთი შემადგენლობა გამოიყვანეს, რათა არ წაეგოთ. ხუთი–ექვსი მცველი იყო. და არ წავაგეთ – 0:0. ხოლო ბურთების რაოდენობით პოლონეთი გავიდა წინ“.
ამით 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საბჭოთა ნაკრებისთვის, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ითამაშეს, დასრულდა.
ქართველი ფეხბურთელები 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (ესპანეთი):
ალექსანდრე ჩივაძე – მცველი, „დინამო“ თბილისი (გუნდის კაპიტანი)
თნგიზ სულაქველიძე – მცველი, „დინამო“ თბილისი
ვიტალი დარასელია – ნახევარმცველი, „დინამო“ თბილისი
რამაზ შენგელია – ცენტრალური თავდამსხმელი, „დინამო“ თბილისი.
1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი (მექსიკა)
1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საბჭოთა ნაკრებმა ედუარდ მალოფეევის ხელმძღვანელობით გაიმარჯვა. თუმცა, „მუნდიალზე“ ქვეყნის მთავარი გუნდი ვალერი ლობანოვსკიმ წაიყვანა. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ნაკრების შემადგენლობის უმეტესობა კიევის დინამოელები იყვნენ –12 ფეხბურთელი. ამასთან, ნახევარდაცვის მთელი ხაზი, გენადი ლიტოვჩენკოს („დნეპრი“) და სერგეი ალეინიკოვის („დინამო“ მინსკი) გარდა, კიევის „დინამოს“ ფეხბურთელებით იყო წარმოდგენილი.
კიეველების ამ ჰეგემონიაში მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელის ადგილი აღმოჩნდა – ალექსანდრე ჩივაძე. თუმცა, „დინამო“ თბილისის მცველისთვის ის ჩემპიონატი ერთგვარი განხიბლვა აღმოჩნდა. მექსიკაში ჩივაძეს არცერთი წუთი არ უთამაშია.
„ჩვენ უკვე მექსიკაში ვიყავით და ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით. ერთ–ერთი თამაშისას მე ტრავმა მივიღე და ყველა გუნდური ეტაპი გამოვტოვე. შემდეგ მახარაძემ (კოტე მახარაძე – კომენტატორი) მითხრა: „პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს, რომ შენ ბელგიის წინააღმდეგ ითამაშებ“. მომდევნო დღეს კი ნიკიტა სიმონიანი შემოვიდა: „საშა, ჩვენ მთელი ღამე ვსაუბრობდით… შეგიძლია სათადარიგო სკამზე იჯდე ისევ?“ არავინ ფიქრობდა, რომ ჩვენ ბელგიას ვერ გავიდოდით. ლობანოვსკიმაც მითხრა: „წინ გავალთ, დანია ესპანეთს მოუგებს, იქ კი შენც მზად იქნები“. „მაგრამ არ გაგვიმართლა“, – იხსენებს ერთ–ერთ ინტერვიუში ჩივაძე.
მერვედფინალში ბელგიის ნაკრებმა საბჭოთა ნაკრებს ანგარიშით 4:3 სძლია.
როგორც არ უნდა ითქვას, ამ მატჩში საბჭოთა გუნდის მიერ ოთხიდან სამი გაშვებული ბურთი ცენტრალური მცველების შეცდომა იყო. ვინ იცის, ლაბანოვსკისა და სიმონიანს მაინც რომ გაერისკათ და მოედანზე ჩივაძე გამოეყვანათ, მერვედფინალის შედეგი შეიძლება სხვანაირი ყოფილიყო.
ქართული ფეხბურთის ქომაგებისათვის ორმაგად გულდასაწყვეტი იყო, რომ მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატი იყო ბოლო, სადაც მონაწილეობა მიიღო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა.
ქართველი ფეხბურთელები 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (მექსიკა):
ალექსანდრე ჩივაძე – მცველი, „დინამო“ თბილისი.
შემდეგი „მუნდიალისთვის“, რომელიც იტალიაში 1990 წელს გაიმართა, სსრკ გარდაქმნის სტადიაში იმყოფებოდა. ყველგან იგრძნობოდა „გარდაქმნის სიო“, რომელიც ფეხბურთსაც შეეხო, დაიწყო მოთამაშეების უცხოეთის კლუბებში მასობრივი გადინება და ფეხბურთელები, პირველ რიგში დაინტერესებული იყვნენ პირადი კეთილდღეობით, ვიდრე ქვეყნის ნაკრებში თამაშით. ეს ხო გასაგებია – დრო იყო ისეთი.
თუმცა, ეს უკვე საერთოდ სხვა ისტორიაა.