სარალიძე: არ ვიბრძვი იმისთვის რომ ეს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს

თბილისში პარლამენტის წინაშე განახლდა საპროტესტო აქცია, რომელზეც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. არ ვიბრძვი იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ეს გამოიყენოს, განუცხადა ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძემ.

თბილისში პარლამენტის წინაშე განახლდა საპროტესტო აქცია, რომელზეც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. აქცია, რომლის ორგანიზატორია მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, მესამე დღეა მიმდინარეობს. 

„მე ვითხოვ ჭეშმარიტების აღდგენას, სამართლიანობის აღდგენას, მეტს ხომ არაფერს ვითხოვ. არ ვითხოვ არც „ნაციონალების“  მოყვანას და არც „ოცნების“ დატოვებას და მოყვანას, რა ვერ გაიგო ამ ხალხმა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძე: მივედი, დაგვლოცა, გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს...

ზაზა სარალიძემ მოუწოდა ხალხს, რომ გვერდით დაუდგნენ, რათა ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიზარდოს და პოლიტიკოსებმა სათავისოდ არ გამოიყენონ.

„ჩემთვის პოლიტიკა არაფერს ნიშნავს, მე ვარ ჩვეულებრივი, თქვენნაირი, გლეხი ადამიანი“, — განუცხადა  სარალიძემ ჟურნალისტებს.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციას აიგივებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. 

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მესამე დღეა მართავს. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.