სარალიძე: როგორც ადამიანები ისე დამიდექით გვერდით და არა როგორც პოლიტიკოსები

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ მოუწოდა ყველას, ნუ ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს გვერდით რომელიმე პოლიტიკური პარტია დაიყენა.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. მეორე დღეა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადა, რასაც თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციებს მრავალი ათასი ადამიანი შეუერთდა, მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ზაზა სარალიძემ მოუწოდა ყველას, ნუ ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რომელიმე პოლიტიკური პარტია დაიყენა გვერდით.

ლომჯარია: სახალხო დამცველი სიმართლის დასადგენად მაქსიმუმს გააკეთებს

„მოვუწოდებ ქართველ ერს: არავინ იფიქროს, რომ მე მოვუწოდებ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მე მოგიწოდებთ, როგორც ქართველებს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს მმართველი გუნდიდან იქნება თუ რომელიმე პარტიიდან, შოთაძის უწყებიდან თუ გახარიას უწყებიდან. როგორც ადამიანები ისე დამიდექით გვერდით და არა როგორც პოლიტიკოსები. ნუ ლახავთ ჩემს ღირსებას, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გვერდით დავიყენე. ნუ აკეთებთ ამას ხალხო", — განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ბორცვაძე: დავადგენთ ყველას, ვინც სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედება მოახდინა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.