„ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ჩვენ დროში მთელმა ერმა გადაწერა

ორი წლის წინ საქართველოში გაჩნდა უჩვეულო იდეა – შექმნილიყო „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი და პოემა სტროფებად ერის გამორჩეულ ადამიანებს გადაეწერათ.
Sputnik

თითო სტროფის დაწერის მსურველი და ამგვარი მისიის ღირსიც იმაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე სტროფებია რუსთაველის პოემაში. იდეის ავტორი არაჩვეულებრივი ადამიანი, ქალბატონი მაია ტყემალაძეა, მანვე მოხატა წიგნის გვერდები არშიებით და გარეკანი ნიჟარებით გააფორმა. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, საქმე ბოლომდე მიიყვანა.

წიგნმა ფურცელ-ფურცელ სხვადასხვა ადგილზე იმოგზაურა, თავს გადახდა დაუჯერებელი ამბები. ბოლოს ფურცლები აიკინძა, გაუკეთდა ოთხმაგი მუყაო და გადაეკრა ტყავი, რომელიც ჭედური პერანგით შეიმოსა. 21-ე საუკუნის ხელნაწერი პოემა ჭიათურა-საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით ასრულდა, „ვეფხისტყაოსნის“ ყდის ჭედურობა მხატვარმა შალვა გერაძემ შექმნა. პოემის გარდა ორი ხელნაწერიც დაიწერა. ერთი მათგანი შთაბეჭდილებების წიგნია, რომელიც ნინო ჭანკვეტაძემ ჯვალოსგან დაამზადა, ხოლო მაია ტყემალაძემ ნიჟარებით შემოსა, მეორე — მადლიერების წიგნი, რომელიც ბუნებრივი მცენარეებით გაფორმდა.

ჩვენი დროის უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ ისტორია და მასთან დაკავშირებული საოცარი ამბების გახსენება ვთხოვეთ ამ იდეის ავტორს და სულისჩამდგმელს, ქალბატონ მაია ტყემალაძეს.

ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი"

– ქალბატონო მაია, როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ მთელ ერს გადაეწერა რუსთაველის პოემა?

— ეს იდეა ალბათ ბავშვობიდან ჩამესახა… საოცარი მამა მყავდა, ოთხი და-ძმანი ვართ, მამა დაგვსვამდა პატარა მაგიდასთან, დაგვიდებდა უამრავ წიგნს და გვიკითხავდა. ერთხელ, მახსოვს, შავი ყდით და ოქროსფერი ზოლებით მოვარაყებული ინგოროყვას გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ მოგვიტანა. მერე სულ ვეკითხებოდი, ამხელა ლექსი მართლა ერთმა ადამიანმა დაწერა–მეთქი? ეს წიგნი კარადაში ყოველთვის გამორჩეულად იდო. მისდამი თავიდანვე სხვა დამოკიდებულება მქონდა. ხელნაწერის იდეა პირველად გავახმოვანე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში, სადაც რუსთაველის საიუბილეო საღამო ტარდებოდა. მაშინ სცენიდან განვაცხადე, რომ შევქმნიდით „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნს. ეს იყო 2015 წლის მაისი. წიგნის შექმნაზე ზრუნვა კი 2016 წელს დავიწყეთ.

წიგნის შექმნის პროცესი

– ხელნაწერი წიგნის შექმნა გარკვეულ ცოდნას მოითხოვს და პირველად ვის მიმართეთ რჩევისთვის?

— საერთოდ არანაირი გამოცდილება არ გვქონდა და პირველად რჩევისთვის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მივედი. იქ დამხვდა არაჩვეულებრივი ქალბატონი, რესტავრატორი იზა ჯიქიძე. მან მირჩია, რომ ამ საქმისთვის გამოდგებოდა იტალიური „ფაბრიანოს“ ფირმის ფურცლები, რომელიც საუკეთესო ხარისხისაა, დროს უძლებს და არ ხუნდება. კიდევ მირჩია აკრილის მელანი, რომელიც საუკუნეებს უძლებსო. მე შევიძინე ფურცლები, მელანი, კალამი, კალმისტრები… და დახვეული ფურცლებიდან დავიწყე საქმე…

– სიმბოლურად მაინც ბატის ფრთით არ დაგიწყიათ პოემის გადაწერა?

— სხვათა შორის, ბატის ფრთებიც გავაკეთეთ და რაღაც მომენტში მართლა ბატის ფრთითაც ვწერდით. ეს სწორედ სიმბოლური იყო და რაღაცნაირად იმის შეგრძნება გვქონდა, რომ იმ ეპოქაში გადავსახლდით.

– პოემის პირველი სტროფი – „რომელმან შექმნა სამყარო“ ვინ დაწერა?

— ეს წიგნი შევქმენით მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, ის ერობაში დავით დათუაშვილი იყო. ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან საკითხს მასთან ვათანხმებდი, ამიტომ სამართლიანობა მოითხოვდა, რომ ამ წიგნში პირველი ჩანაწერი სწორედ მეუფე დანიელს გაეკეთებინა. მერე უკვე იყო დედა ელენე ნაფეტვარიძე, რომელიც გერმანისტია პროფესიით და შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა. ამის მერე უამრავმა ადამიანმა მიიღო პოემის გადაწერაში მონაწილეობა.

ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი" ხელნაწერთა ინსტიტუტში. ფოტოზე - შორენა თავაძე, რეზო ხიდაშელი და იზო ჯიქიძე

– მათ შორის ყველაზე პატარა და ყველაზე ასაკოვანი რამდენი წლის იყო?

— ყველაზე პატარა იყო ხუთი წლის ელისაბედ ტატიშვილი, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ ასოები დახატა. ყველაზე ასაკოვანი — არაჩვეულებრივი ქალბატონი ელენე აბაშიძე 95 წლის გახლდათ. სიმბოლური იყო, რომ ორივე ერთად მოვიდა და ერთ დღეს ჩაწერა.

– ქართული ენის მცოდნე უცხოელებმა თუ მიიღეს პოემის გადაწერაში მონაწილეობა?

— რა თქმა უნდა, პოემის გადაწერაში მიიღეს მონაწილეობა უცხოელმა ქართველოლოგებმა იაპონიიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან… მათ შორის არიან ჰიროტაკე მაედა, ბერნარდ უტიე, გასტონ ბუაჩიძე, რუბენ ენუქაშვილი…

ხელნაწერი წიგნის ყდის ჭედურობის ავტორი შალვა გერაძე

– ქალბატონო მაია, მართალია, რომ წიგნის დაწერას პატარა სასწაულები ახლდა?

— ეს ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, წიგნის ბოლოსიტყვაობაშიც მიწერია. მოკლედ, ერთხელ სამებაში ჩოხოსნების შეკრებაზე ვიყავი. როცა გარეთ გამოვედი, ძალიან კარგი ამინდი იყო, მაგრამ ცოტა ხანში, მეტროდან ამოსულს გარეთ საშინელი თავსხმა — კოკისპირული წვიმა დამხვდა. მოვდიოდი წვიმაში და ვფიქრობდი, რა მეშველება–მეთქი. ჩემ თავს არ დავეძებდი, მეშინოდა არ დასველებულიყო ფურცლები, რომლებიც პარკში მეწყო, თან ქოლგის გარეშე ვიყავი. წვიმა გადაღებას არ აპირებდა, ვფიქრობდი, ღმერთი დამიფარავს–მეთქი. ნიაღვარი მუხლებამდე მწვდებოდა და სახლში თავიდან ბოლომდე გალუმპული მივედი. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ვნახე, რომ ხელნაწერ ფურცლებს წვიმის ერთი წვეთიც არ ჰქონდა მოხვედრილი.

შთაბეჭდილებების წიგნი

– ასეთი წიგნის შესაქმნელად თანხაც იქნებოდა საჭირო, ფინანსებით ვინ დაგეხმარათ?

— ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთ სასწაულზე მოგიყვებით. მოგეხსენებათ, დღეს ფინანსები ადვილი მოსაპოვებელი არ არის და ჩვენ ვერ განვსაზღვრეთ ამ წიგნს რამდენი დასჭირდებოდა. თავიდან სულ მინიმალური თანხა გვქონდა, რითიც იმდროინდელმა მუნიციპალიტეტმა დაგვაფინანსა, მაგრამ ის ამ საქმეს არანაირად არ ეყოფოდა. ერთხელ ტაძარში ღვთისმშობლის ხატთან ვიყავი და ლოცვას წარმოვთქვამდი, ღმერთო, დამეხმარე, რომ ეს პრობლემა მოვაგვარო-მეთქი… ის იყო შემაღლებული ადგილიდან ფეხი ჩამოვდგი, რომ ჩემ მობილურზე ზარი გაისმა. გარეთ გამოსულმა გავარკვიე, რომ უცნობი ადამიანი მირეკავდა – ერთ ბატონს სურვილი ჰქონდა, რომ წიგნისთვის თანხა გადმოეცა. როგორც გავარკვიე, ეს პიროვნება იყო ელგუჯა ნოზაძე, ეტყობა, მასში დიდი ვიქტორ ნოზაძის სისხლია… თანხა იმავე დღეს დაჯდა ჩემ ანგარიშზე და ვთვლი, რომ ეს ღვთისმშობლის წყალობაც იყო… კიდევ დამეხმარა ბატონი ნიკოლოზ კურტანიძე, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელის პაატა კურტანიძის მამა, რომელიც ისეთ დროს გამოჩნდა, როცა ძალიან გვიჭირდა და მისი დახმარება წამალივით შემოშველება იყო.

ახლადშესამოსელი წიგნის ფურცლები

– რამდენადაც ვიცი, პოემის გადაწერა სხვადასხვა ადგილებში ხდებოდა…

— ამ ფურცლებს ხშირად ვდებდი ხოლმე აკაკის, ილიას, ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავზე. ერთი ნატვრა მქონდა, რომ იერუსალიმში ჩამეტანა, მაგრამ ვერ მოვახერხე… ერთხელ, როცა მთაწმინდის პანთეონში ვიყავი და ფურცლები ილიას საფლავზე დავდე, იქ უცხოელები იყვნენ და ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. როცა თარჯიმანმა აუხსნა, მათი გაოცებული სახე უნდა გენახათ – როგორ, ამ პოემას მთელი ერი ხელით წერსო?!.

ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი"

– სულ რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პოემის გადაწერაში?

— ჩვენ ვისარგებლეთ „ვეფხისტყაოსნის“ სამოსწავლეო ვერსიით, რომელიც ნათაძის რედაქციითაა. ეს ვერსია ენათმეცნიერების ინსტიტუტმა გვირჩია. პოემაში სულ 1662 სტროფია. თავიდან ვარაუდით ვიცოდით, რომ ერთ ადამიანს თითო სტროფი უნდა ჩაეწერა, მაგრამ მერე, როცა აღარ გვეყო, მეცხრამეტე სტროფი რვა ადამიანმა დაწერა. ზოგმა ორი სიტყვა, ზოგმა — ერთი. რამდენიმე სტროფი პოემის შუაში მაინც დავტოვეთ, იმიტომ რომ ვიცოდით, გამოჩნდებოდნენ ადამიანები, ვისაც ეს ძალიან ენდომებოდა. მაგალითად, წიგნის წარდგენის დროს მასში ჩაწერა ბატონმა გურამ ახალაიამ, რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ თითქმის ყველა გამოცემა აქვს, ის კოლექციონერი და საზოგადო მოღვაწეა. კიდევ ერთმა მეუფემ ჩაწერა. ფაქტობრივად წიგნი დასრულებულია. ალბათ უფალმა ინება, რომ ასე უნდა გაგვეკეთებინა. მთლიანი ტექსტი დასრულებულია, მხოლოდ სამი სტროფია დარჩენილი, ამითაა ეს წიგნი უნიკალური. წიგნის ბოლოს ყველა მათგანი დავაფიქსირეთ, სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვისაც წიგნში ამ ორი წლის მანძილზე თითო ასოც კი ჩაუწერია.

– მოკლედ, წერტილსაც კი არავის უკარგავთ…

— წერტილზე გამახსენდა: ერთ სტროფს ენათმეცნიერების ინსტიტუტში ანა კალანდაძის მაგიდაზე ერთი ენათმეცნიერი წერდა და მის მერე სტროფის ბოლოს წერტილი პატარა გოგონამ დასვა. ბავშვის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, სასწაულად გახარებული იყო.

– ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, ეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი საბოლოოდ სად დაიდებს ბინას?

— ეს უკვე გადაწყვეტილია, ერთი წლის განმავლობაში ის ჭიათურაში იქნება და მერე საბოლოოდ დამკვიდრდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც საუკეთესო პირობებია, საჭირო ტემპერატურა და განათება. მერე, ალბათ, როცა საჭირო იქნება, გარეთაც გამოაბრძანებენ…