კვირიკაშვილი: ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა არ მისცეს საშუალება ხალხის წინაშე გამოსულიყო, ბრიფინგი სახელმწიფო კანცელარიაში მოაწყო.
Sputnik

თბილისი. 1 ივნისი — Sputnik. ჩვენი ხელისუფლება ხალხის არჩეული ხელისუფლებაა და არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან კონტაქტს — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, იგი აქციაზე მივიდა შვილმკვდარი მშობლების სანუგეშოდ, თუმცა პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მისცა მას საშუალება სიტყვით გამოსვლის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცოტა ხნის წინ  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც მივიდა. თუმცა, აქციის მონაწილეები მას აგრესიულად შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალიძემ რამდენჯერმე სთხოვა აქციის მონაწილეებს მოესმინათ პრემიერისათვის, კვირიკაშვილს სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, მთავრობის კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.

„ხვალ დილიდან შსს დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს ხელახალი გამოძიების პროცესს" — განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი თქმით, იგი პირადად გააკონტროლებს ამ პროცესს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისული პრემიერი გააგდეს - პირდაპირი ეთერი

მანვე მისცა გარანტიები დაღუპული ბავშვების მშობლებს, რომ გამოძიების პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულნი იქნებიან იმ დოზით, რა დოზითაც მოისურვებენ.

„მე ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემი გადადგომა წაადგება ქვეყანას, ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები, ეხლა ეს მომენტი არ დამდგარა", — განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა გასული წლის 1 დეკემბერს თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ.
მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ, საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გრძელდება. რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ სარალიძეების ოჯახს.