თავს შევაკლავ ჩემი შვილის ღირსებას! – ზაზა სარალიძე პროკურატურასთან აქციას მართავს

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ვიდრე მისი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ, აქციებს არ შეწყვეტს.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. მთელ საქართველოს გთხოვთ, გემუდარებით, შემომიერთდით, ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები, აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და ამ წუთებში საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

საია: სასამართლო განაჩენმა ხორავას ქუჩის საქმეზე უფრო მეტი კითხვა გააჩინა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც სასამართლოს განაჩენით უკმაყოფილო არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოდან პროკურატურასთან მივიდნენ.

დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ, აქციებს არ შეწყვეტს. ის გამოძიების ხელახლა ჩატარებას და დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

ზაზა სარალიძემ ქვეყნის მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის პასუხისგებაში მიცემაც მოითხოვა.

ამავე დროს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი პროკურატურასთან შეკრებილებს ხვდება. მან ზაზა სარალიძეს განუცხადა, რომ მთავარი პროკურორი მზად არის შეხვედრისთვის, თუმცა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ შეხვედრაზე უარი განაცხადა.

პირდაპირი ჩართვა: ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია პროკურატურასთან

„ჩვენი შეთავაზება მაინც ძალაში რჩება და თქვენგან პასუხს ველოდებით“, – მიმართა სუხიაშვილმა სარალიძეს.

ნათია სუხიაშვილის თქმით, დამატებით დეტალებზე პროკურატურა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს.

„ჩვენ ვთავაზობთ დაზარალებულ მხარეს დიალოგს, მთავრი პროკურორი სამუშაო ჯგუფთან ერთად მზად არის შეხვდეს მას, გასცეს მის ყველა კითხვას პასუხი. გვაქვს სხვა შეთავაზებებიც, რაზეც ზუსტად ბრიფინგზე ვისაუბრებთ. ბრიფინგი დღეს გაიმართება“, – განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.