რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისული პრემიერი გააგდეს - პირდაპირი ეთერი

აქციის მონაწილეებმა პრემიერს სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მივიდა. აქციის მონაწილეები მას აგრესიულად შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალიძემ რამდენჯერმე სთხოვა აქციის მონაწილეებს მოესმინათ პრემიერისათვის, კვირიკაშვილს სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს. 

მიტინგის მონაწილეებმა პრემიერის მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, სკანდირებდნენ — „წადი", „გადადექი"…

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება ჰპოვოს. ამიტომ გთავაზობთ, რომ ხვალ დილიდან საქმის გამოძიება დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში,“ — დაიწყო სიტყვა პრემიერმა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას გაგრძელების უფლება არ მისცეს და ბოლოს დაცვა იძულეული გახდა პრემიერი გაერიდებინა აქციისათვის.

საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა გასული წლის 1 დეკემბერს თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ.