ჯანელიძე: ასადის რეჟიმის მხრიდან ეს გასაკვირი არ იყო

საგარეო საქმეთა მინისტრმა სამწუხარო ფაქტი უწოდა იმას, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებები სირიის მხრიდან დამოუკიდებლობის აღიარებას გამარჯვებად მიიჩნევენ.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ სირიის მხრიდან ოფიციალური თბილისის მიერ საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება გასაკვირი არ ყოფილა.

„საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ასადის რეჟიმთან დაკავშირებით. ამიტომ ეს აღიარება არანაირ საფრთხეს არ უქმნის საერთაშორისო არაღიარების პროცესს… საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის — აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არის ასადის მხრიდან საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და უნდა დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ", — დაწერა ჯანელიძემ თავის Facebook-გვერდზე.

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს

მან აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ არის „ასადის რეჟიმის მხრიდან, რომლისთვისაც საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვებიც კი, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს".

ჯანელიძემ ასევე სამწუხარო ფაქტი უწოდა იმას, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებები ამას გამარჯვებად მიიჩნევენ და ცდილობენ გარკვეული ილუზიები შექმნან იმის ნაცვლად, რომ ეძებონ შერიგების გზები და ადგილობრივი მოსახლეობისთვის განვითარების პირობები შექმნან.

მანამდე საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები უკვე დაიწყეს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს 1990-იანი წლების დასაწყისიდან ვერ აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, თუმცა მოგვიანებით ამ ბოლო ორმა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა.