გამოკითხვა: საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან დიალოგის მომხრეა

საქართველოს მოსახლეობა ძირითადად ქვეყნის განვითარების დასავლურ კურსს ემხრობა, მაგრამ რუსეთთან დიალოგსაც უჭერს მხარს.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს. ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციოლოგიური კვლევის შედეგი.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყდა. 2012 წელს საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს.

საქართველოსა და რუსეთის დიალოგს მხარს უჭერს გამოკითხულთა 76%. მიუხედავად მაღალი მაჩვენებლისა, ის, 2017 წელთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია.

რომელი პოლიტიკოსის მიმართ არიან ყველაზე დადებითად განწყობილი საქართველოში – გამოკითხვა

ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის განვითარების დასავლურ კურსს ემხრობა. იმას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყოს პროდასავლური და ორიენტირებული იყოს მხოლოდ ევროკავშირზე, მხარს უჭერს რესპონდენტების 27%, ხოლო იმას, რომ კურსი პროდასავლური იყოს, მაგრამ ამავე დროს ორიენტირებული რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებაზე — 50%.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობებს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 36%, ხოლო ნეგატიურად — 52%. ამგვარად, მაჩვენებლები 2017 წლის შემდეგ არსებითად შეიცვალა — მაშინ კმაყოფილი იყო 54%, ხოლო უკმაყოფილო — 35%.

IRI-ს კვლევის ფარგლებში 10-დან 22 აპრილამდე გამოიკითხა საქართველოს 1,5 ათასი მცხოვრები (18 წელს ზემოთ). ცდომილებაა დაახლოებით 2,5%.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.