თბილისი, 30 მაისი — Sputnik. რეჟისორ ლევან გაბრიაძის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „იცი, დედა, სად ვიყავი?" ნახვა, რომელიც მისი მამის რეზო გაბრიაძის მოთხრობებისა და ნახატების მიხედვით შეიქმნა, მთელი ივნისის განმავლობაში შესაძლებელია თბილისის მარიონეტების თეატრში.
თავისი სტილისტიკით, იუმორით, გულწრფელობით ესაა რეზოს ბავშვობაში „გასეირნება", რომელიც ომის შემდგომ პერიოდზე მოდის. ფილმი ეხება რეზოს ბავშვობისა და ყმაწვილობის დროს სამყაროს აღქმას. აქ რეალური ფაქტები რეზოს ფანტაზიებსა და სიზმრებშია გადაჯაჭვული.
ფილმის მთავარი გმირები არიან დმიტრი მენდელეევი, იოსებ სტალინი, ვლადიმირ ლენინი, ადოლფ ჰიტლერი და, რა თქმა უნდა, თავად რეზო გაბრიაძე — 10 წლის ბიჭი ომისშემდგომი პერიოდიდან.
ფილმს საფუძვლად დაედო ცნობილი რეჟისორის, სცენარისტის, დრამატურგის, მხატვრის, მარიონეტების თეატრის დამაარსებლის მოთხრობები.
ფილმში ჟღერს გია ყანჩელის, ვიქტორ დოლიძის, ოლეგ კარპაჩოვის მუსიკა.
ანიმაციური ფილმის პროდიუსერია ტიმურ ბეკმამბეტოვი. გადაღებულია რუსეთის კულტურის სამინისტროსა და სტუდია BAZELEVS-ის მხარდაჭერით.
ბილეთები 28 და 31 მაისის ჩვენებებზე მალევე გაიყიდა, ამიტომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ფილმი ივნისში კიდევ ათჯერ აჩვენონ.
ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე tkt.ge და გაბრიაძის თეატრის სალაროებში.
რევაზ (რეზო) ლევანის ძე გაბრიაძე — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი, დრამატურგი, მხატვარი და მოქანდაკე, მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელი. დაიბადა ქალაქ ქუთაისში. ავტორია 35-ზე მეტი ფილმის სცენარისა, რომელთა შორისაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა", „არ დაიდარდო", „პასპორტი", „ქვევრი", „შერეკილები", „მიმინო", „ქინ-ძა-ძა" და სხვ.
გაბრიაძე – მხატვარი, მოქანდაკე და წიგნის გრაფიკის ოსტატია. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, პარიზში. მისი ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები და ქანდაკებები რუსეთის, გერმანიის, ისრაელის, აშშ-ის, საფრანგეთისა და იაპონიის მრავალ კერძო და სახელმწიფო კოლექციაში ინახება.
რეზო გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), ლაურეატი პრემიებისა: „ნიკა", „ტრიუმფი", „ოქროს ნიღაბი", ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორის წოდების მფლობელი.