თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ უარყო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი იზრდება.
თბილისში გრძელი სამარშრუტო ხაზების გაუქმება იგეგმება >>
დღეისათვის მეტროსა და ავტობუსში მგზავრობის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს.
„ეს სრული დეზინფორმაციაა და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ასევე გაუგებარია ამ მცდარი ვარაუდის დაკავშირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების რეორგანიზაციის გეგმის შემუშავებასთან“, — ნათქვამია მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მერიაში აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებაში სოციალური ფაქტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მერია ყოველწლიურად 60 მილიონ ლარს ხარჯავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთა შეღავათიანი და უფასო მგზავრობის დასაფინანსებლად.
„თბილისის მერიისთვის სატრანსპორტო პოლიტიკის წარმართვისას პრინციპულად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის დაბალტარიფიანი და შეღავათიანი მგზავრობის შეთავაზება. გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო მეტად სწრაფი და კომფორტული“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამ მიზნით იგეგმება არსებული ავტოპარკის სრული განახლება და მეტროს შემადგენლობების დამატება. მერიის გეგმების მიხედვით, ყოველივე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ზრდას და მის პოპულარიზაციას განაპირობებს.
თბილისის მერიას ელექტროავტობუსების იმპორტზე საგადასახადო შეღავათები სურს >>
რამდენიმე წლის მანძილზე მერია საერთო ჯამში 700 ახალი ავტობუსის შეძენას აპირებს.
რაც შეეხება მეტროს, 2018 წელს ათი სადგურის რემონტი იგეგმება.
საშუალოდ ერთ დღეში თბილისში ავტობუსებით 300 000 მგზავრი სარგებლობს, მეტროთი — 360 000.