თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ქალაქ ზუგდიდის პოლიციამ დააკავა ცოლ-ქმარი, რომლებსაც ბავშვის გატაცებაში ედებათ ბრალი, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი სამეგრელოდან.
არსებული ინფორმაციით, ემა კვირტიამ და ვასიკო ახალაიამ 22 მაისს 5 წლის გოგონა მისივე საცხოვრებელი ბინიდან გაიტაცეს. როგორც ირკვევა, გატაცებულის დედას ლორიტა მუშქუთიას მათი დაახლოებით 240 ლარი ემართა, რაც, სავარაუდოდ, იყო კიდეც ბავშვის გატაცების მოტივი. გამტაცებლებმა ბავშვი რამდენიმე საათში უკან დააბრუნეს.
დაკავებულები ზუგდიდის რაიონულ პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში დაკითხვაზე იყვნენ.
როგორც „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინიტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლით („მძევლად ხელში ჩაგდება“) მიმდინარეობს.