საქართველოში პროტეინებისა და საკვები დანამატების პირველი საწარმო აშენდება

წარმოებული პროდუქცია იმპორტის ნაწილს ჩაანაცვლებს, გარკვეული რაოდენობა კი ამიერკავკასიის ბაზარზე გავა.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ახალ საწარმოში წელიწადში 40 ტონა სხვადასხვა საკვებ დანამატს, მათ შორის პროტეინს, კრეატინებსა და ამინომჟავებს აწარმოებენ, ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ინფორმაციით, წარმოებული პროდუქციით იმპორტის ნაწილი ჩანაცვლდება, ხოლო გარკვეული რაოდენობა ამიერკავკასიის ბაზარზე გავა.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 733 ათასი ლარია. ადგილზე 40 ადამიანი დასაქმდება.

საწარმო სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" დახმარებით აშენდება. ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „კომპავა ჯორჯიას" თბილისში, ორხევის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში მდებარე 4800.00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა გადაეცა.