ქართველმა მორაგბეებმა საფრანგეთთან თამაშის წინ ღია ვარჯიში ჩაატარეს

მატჩი საქართველოს ნაკრებსა და „ფრანგ ბარბაროსებს" შორის 31 მაისს გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა თავის ბაზა „შევარდენზე" საფრანგეთის მეორე ნაკრებთან (French Barbarians) ტესტ-მატჩის წინ თბილისში ღია ვარჯიში ჩაატარა, აღნიშნულია საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვარჯიშზე ძირითადი ყურადღება დაეთმო დერეფნიდან და შერკინებიდან შეტევით კომბინაციებს.

საქართველოს U-18 მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

„მეტოქე საფრანგეთის მეორე დივიზიონის ნაკრებია, რომელიც გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. რა სტილს შემოგვთავაზებენ „ფრანგი ბარბაროსები", არ ვიცით. ჩვენი მხრივ ვეცდებით, რომ დავხვეწოთ თამაში როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში", — განაცხადა ვარჯიშის შემდეგ საქართველოს ნაკრების დაცვის მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

ანალოგიური აზრი გამოთქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ:

„ფრანგი ბარბაროსები" არც ერთი ქვეყნის ეროვნული ნაკრები არაა, მაგრამ ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. კარგი თამაში იქნება და ვეცდებით 31-ში მეტოქე სავსე ტრიბუნების წინაშე დავამარცხოთ.

მატჩი საქართველოს ნაკრებსა და „ფრანგ ბარბაროსებს" შორის 31 მაისს „დინამო არენაზე" გაიმართება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.