„ჩიკატაი", ანუ მნიშვნელოვანია პირველი ჰანგები ბავშვის ცხოვრებაში

თუ გინდათ თქვენი პატარის ოთახი ეკოლოგიურად სუფთა დეკორაციებით გაალამაზოთ, მათ სასიამოვნო განწყობაზე იზრონოთ, მაშინ „ჩიკატაის“ უნდა მიმართოთ. იცოდით, რომ ჩიკატაი არის წერო, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური მუსიკით იწყება?
Sputnik

იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი თამარ ბუიღლიშვილია. როგორც თამარი ამბობს,  „ჩიკატაის“  საბავშვო ნივთები თქვენი პატარის გარემოს ლამაზს და ფერადს გახდის.

თაკო ბუიღლიშვილი

– ვინ არის „ჩიკატაი“?

— „ჩიკატაი" არის წერო, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური მუსიკით იწყება და სწორედ ამიტომ პირველ ჰანგებს ჩვენ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს! ჩიკატაი განსაკუთრებული წეროა განსაკუთრებული მისიით: ის ბავშვებისთვის მუსიკალურ სათამაშოებს ქმნის აქვე — საქართველოში. ეს სათამაშოები ყველასთვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მელოდიას უკრავენ — „ვალსი მიმინოდან“ (ცნობილი, როგორც „ყვითელი ფოთლები"). და, კიდევ, რაც ყველა პატარასთვის მნიშვნელოვანია — სათამაშოები იქმნება დიდი სიყვარულით, ანტიალერგიული და ნატურალური მასალებისგან.

– როდის გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

— ჩიკატაის შექმნის იდეა გაჩნდა 2017 წლის მარტში. არ ვიცოდი, საიდან დამეწყო, რადგან არც შესაბამისი განათლება მქონდა, არც გამოცდილება. ალბათ იმიტომ, რომ ამ მხრივ არაფერი ვიცოდი, ჩემი იდეის განხორციელება მარტივი მეგონა. თუმცა, მალევე დავრწმუნდი, რომ ეს ადვილი სულაც არ იყო. ნელ-ნელა იმდენად რთულდებოდა ყველაფერი, რომ რაღაც მომენტში კინაღამ გადავიფიქრე ამის გაკეთება. კონკრეტულად რა იყო ინსპირაციის წყარო, ნამდვილად ვერ გეტყვით. გია ყანჩელის „ვალსი მიმინოდან“, ცნობილი როგორც „ყვითელი ფოთლები“, ჩემთვის რატომღაც ბავშვთან ასოცირდება. ალბათ იმიტომ, რომ ამ მელოდიით ვაძინებდი ხოლმე ჩემ შვილს ნიკალაის, ამიტომ შევარჩიეთ ეს მელოდია. ძალიან მადლიერები ვართ ბატონი გია და სანდრო ყანჩელების, რომ ყოველგვარი პირობის გარეშე მოგვცეს უფლება გამოგვეყენებინა ეს გადასარევი მუსიკა ჩვენ სათამაშოებში.

საბავშვო ბრენდი "ჩიკატაის" პროდუქცია

„ჩიკატაი" გადავწყვიტე გამეკეთებინა დედაჩემთან თეა ჭანკოტაძესთან ერთად. უფრო სწორად რომ ვთქვა, მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამის გაკეთება, რადგან სათამაშოები მისი შექმნილია. ერთად ვფიქრობთ და ვარჩევთ სათამაშოების დიზაინს. ინდივიდუალურ შეკვეთებს დიზაინის კუთხით არ ვიღებთ.

– რა ნივთებს მოიცავს „ჩიკატაი“?

— ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ სამი ტიპის მუსიკალური სათამაშო — „ბეიბი მობაილი“, რომელიც ბავშვის ლოგინზე მაგრდება ხის სამაგრით, პინგვინი და ბეკეკა სხვადასხვა ფერებში. მუსიკალური მექანიზმი მექანიკურია და უკრავს 18-წამიან მონაკვეთს ერთი წუთის განმავლობაში, რაც მსგავსი სათამაშოების სტანდარტია. ძალიან მალე დავამატებთ ახალ სასაჩუქრე ნაკრებებსაც, რომელშიც იქნება არამუსიკალურ სათამაშოებიც ახალშობილებისთვის.

– როცა საქმე ბავშვს ეხება, მნიშვნელოვანია ხარისხი და უსაფრთხოება. ძირითადად რა მასალას იყენებთ ამ ნივთების შესაქმნელად?

— ჩვენთვის ხარისხი და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს. „ბეიბი მობაილის“ სამაგრი მზადდება ხისგან და იღებება ეკოლოგიურად სუფთა, სპეციალური აკრილის საღებავით. ქსოვილები არის 100% ბამბა, სატინა ან ტილო. სათამაშოების შიგთავსისთვის ვიყენებთ სინტიფონს, რომელიც ანტიალერგიულია. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათამაშოები ირეცხება (ხელით რეცხვა 30 გრადუსზე).

საბავშვო ბრენდი "ჩიკატაის" პროდუქცია

– ეს ყველაფერი ხელით იქმნება?

— ყველა ჩვენი სათამაშო არის ხელნაკეთი.

– რამდენად მარტივი იყო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება, სად იყიდება თქვენი შექმნილი ნივთები?

— იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ძალიან ცოტა ხანი გავიდა, რაც ჩიკატაი არსებობს, საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ჯერჯერობით გაყიდვები გვაქვს მხოლოდ ონლაინ — ფეისბუქის და ინსტაგრამის საშუალებით. ძირითადად ჩვენ პროდუქტს ყიდულობენ საჩუქრად და, სხვათა შორის, არა მარტო ბავშვებისთვის.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „ჩიკატაის" სათამაშოები საქართველოს ფარგლებსაც გასცდა — ჩვენი პინგვინები, ბეკეკები და სპილოები უკვე გაემგზავრნენ პარიზში, მადრიდში, ლონდონში, მილანში, ვილნიუსში, ბერლინსა და ნიუ-იორკში.

ძალიან გვახარებს ის უკუკავშირი, რასაც ვიღებთ ჩვენი მომხმარებლისგან. ეს ჩვენი ფეისბუქის გვერდზე შეფასების კომენტარებშიც აისახება. იმედი გვაქვს „ჩიკატაის" მეგობრების რიცხვი უფრო და უფრო გაიზრდება.

საბავშვო ბრენდი "ჩიკატაის" პროდუქცია

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— ისევე, როგორც ყველა სტარტაპს, ჩვენც დიდი გეგმები გვაქვს. ახლა ვაკეთებთ უკვე პატარა სახელოსნოს და, იმედი გვაქვს, ერთ მშვენიერ დღეს „ჩიკატაი“ დიდ სათამაშოების მაღაზიად გადაიქცევა, სადაც ყველაფერი შეიქმნება ნატურალური მასალებისგან და, რაც მთავარია, იქნება ხელნაკეთი საქართველოში, სხვადასხვა ტიპის სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანით.