ბრალდებულის ყვირილი და შსს-ს განმარტება - რა მოხდა სინამდვილეში აჭარაში

შსს-ში განმარტეს, რომ ყაჩაღური თავდასხმისთვის დაკავებულს დნმ-ის ანალიზს უღებდნენ, ის კი უძალიანდებოდა
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. შსს-ს მოუწია განმარტებების გაკეთება მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ყაჩაღური თავდასხმისთვის დაკავებული ნოდარ გუბელაძის ყვირილი ისმის.

ვიდეოზე ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი მამაკაცს ხელებით იჭერენ, ის ყვირის, რომ სტკივა და გაშვებას სთხოვს. დაკავებულის სახე არ ჩანს. შორიდან ისე გამოიყურება, თითქოს მამაკაცის მიმართ ძალადობას იყენებენ.

საიდან გაჩნდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემდეგ მაკრატელი – პროკურატურა განმარტავს >>

„ბრალდებულმა უარი განაცხადა ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რის გამოც მისგან დნმ-ის (ოფლის და ნერწყვის) ნიმუშის იძულებით აღება განხორციელდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის N2 საპყრობილეში. ამასთან, საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა იძულების ის ზომა, რაც მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად“, — განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ყაჩაღობა სამეგრელოში: ნაცემია 96 წლის ქალბატონი

მისი თქმით, ეს მოვლენები 17 მაისს მოხდა. მომხდარი ვიდეოზე გადაიღეს, ჩანაწერი კი ბრალდებულის ადვოკატს გადაეცა.

გუბელაძე ბათუმში ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისთვის 2018 წლის თებერვალში დააკავეს. გამოძიების მონაცემებით, მან ოჯახის წევრები მათ ბინაში შებოჭა და  მუცლისა და სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა. შემდეგ მან სახლიდან ოქროს ნაკეთობები მოიპარა და ოჯახის კუთვნილი ავტომობილი გაიტაცა.

გუბელაძის დაკავებისას, მისი პირადი და სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ავტომატი 23 ვაზნით და საინიექციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამშაბათს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული საქმის პროცესი ჩატარდა.