იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სასჯელი მკაცრდება

პროექტის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა 3-დან 6 წლამდე, ხოლო ტარება — 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდება და სანქციები გამკაცრდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს წარუდგინა. კომიტეტმა აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა.

„ცეცხლსასროლი იარაღის ტარება არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც მკაცრად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით და ასევე, აქამდე არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და შენახვაც გახდება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საკმაოდ მკაცრად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის განცხადებით, ცვლილებების შემუშავების აუცილებლობა დანაშაულის სიხშირიდან გამომდინარე დადგა.

საქართველოში დანაშაული ერთნახევარჯერ გაიზარდა

ახალი რეგულაციების მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა 3-დან 6 წლამდე, ხოლო ტარება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.  

დღეს არსებული კანონმდებლობით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ  შეძენა-შენახვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2  წლამდე ვადით, ხოლო ტარება — თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების მიზანი ისეთი რეგულაციების განსაზღვრაა, რომლებიც ეფექტიანად უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას.