თბილისი, 28 მაისი — Sputnik. რეჟისორ ალექსანდრე ქორიძის ახალი ფილმი „დაწესებულება №16", რომელიც ქართულ ციხეში პატიმრების ყოფის შესახებ მოგვითხრობს, დიდ ეკრანებზე გამოვა, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფილმზე ორი წლის განმავლობაში რუსთავის №16 საპატიმროში მუშაობდნენ.
ეს ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველი დოკუმენტური ფილმია პენიტენციარული სისტემის შესახებ, სადაც როლებს თავად პატიმრები ასრულებენ ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
რეჟისორი ორი წელი პრაქტიკულად პატიმრებთან ერთად ცხოვრობდა, ყოველდღიურად ანახლებდა გადაღების პროცესს. ამ დროში პატიმრების ნაწილი გაათავისუფლეს, ზოგი კვლავ სასჯელს იხდის.
რეჟისორის ამოცანაა, მაყურებელს აჩვენოს ქართულ ციხეებში არსებული რეალური ვითარება და პატიმრების ცხოვრება გააცნოს. ფილმი გადაღებულია ფსიქოლოგიური დრამის ჟანრში. კინოთეატრებში ფილმს ინგლისური სუბტიტრებით აჩვენებენ.
ფილმის საპრემიერო ჩვენება დიდ ეკრანებზე გამოსვლამდე კინოს სახლში გაიმართება 28 მაისს, 19:30 საათზე. დასწრება თავისუფალია.
ალექსანდრე ქორიძე 1979 წელს დაიბადა. 2003-2004 წლებში მონაწილეობდა Berlinale Talent Campus-ში. არის 30-ზე მეტი საავტორო და სატელევიზიო ფილმის ავტორი. ეროვნულმა კინოცენტრმა 2016 წელს დააფინანსა რეჟისორის პროექტი „№16", რომელიც დაედო საფუძვლად ფილმს „დაწესებულება №16". ქორიძე ფილმის არა მარტო რეჟისორი, არამედ სცენარის ავტორიცაა.