თბილისში საცხოვრებელ ფართზე მოთხოვნა გაიზარდა

გასულ წელს საქართველოს დედაქალაქში 27 000 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით, განუცხადა კომპანია „ქოლიერს ინთერნეიშენალ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კილაურიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.
Sputnik

„ეს ბოლო 6 წლის განმავლობაში საშუალოდ 17%-იანი ზრდაა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია იმ პირობებში, როცა დოლარში ფასების დინამიკა სტაბილურია, ცოტა კლებას თუ არ ჩავთვლით. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს ბაზარი ძალიან მზარდია“, – აღნიშნა ირაკლი კილაურიძემ.

„ქოლიერს ინთერნეიშენალ ჯორჯიას“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, თბილისში განხორციელებული ტრანზაქციების ნახევარზე მეტი ახალაშენებულ ბინებზე მოდის. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დიდ დიღომში, გლდანში, ნაძალადევსა და სამგორში მდებარე მცირე ზომის ბინები. მთაწმინდასა და ვაკის რაიონში კი გაყიდვების უმეტესი ნაწილი დიდი ზომის ფართებზე მოდის.