ბათუმის მოსახლეობამ ავტობუსების ფერი გამოკითხვით შეარჩია

ავტობუსების ფერთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 4 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების ფერი ონლაინ-გამოკითხვით შეარჩიეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტობუსების ფერთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა. თეთრ, წითელ, ყვითელ, მწვანე, ვერცხლისფერ და ლურჯ ფერებს შორის გამოკითხვაში მონაწილე 4 ათასამდე მოქალაქიდან 53%-მა უპირატესობა ლურჯ ფერს მიანიჭა. 

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალური ავტობუსები ლურჯ ტონალობაში იქნება გადაწყვეტილი, თუმცა, შესაძლოა, არჩევანი ცისფერზე, ან ღია ლურჯზე გაკეთდეს.

"ბათუმის ავტოტრანსპორტის" ინფორმაციით, ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი ქალაქში აგვისტოში შემოვა. საწყის ეტაპზე მათი რიცხვი 15 იქნება, შემდეგ კი 40-მდე გაიზრდება.

ახალი ავტობუსების მოწოდებაზე ხელშეკრულებას შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჩერკასს“ შორის 16 მაისს მოეწერა ხელი.

ავტობუსები იაპონურ–უკრაინული წარმოების "ისუზუ ატამანის" მოდელის იქნება.

ევრო 5 დიზელზე მომუშავე, GPS და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი, ადაპტირებული, ნაწილობრივ დაბალძირიანი ავტობუსების შესყიდვა საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში ხორციელდება და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) დაბალპროცენტიანი სესხით ფინანსდება.