თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ესპანელმა სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი ქართველი წევრი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
დაკავებულებს შორის 4 მამაკაცი, ერთი კი ქალია. მათი ასაკი 25-დან 39 წლამდეა. ეჭვმიტანილებს ალმერიაში 14 ბინის ძარცვა ედებათ ბრალად.
ესპანური მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ქალაქ ალმერიასა და მადრიდში ჩატარდა. დაკავების ოპერაციის დროს, ერთ-ერთმა დამნაშავემ გაქცევა სცადა, რა დროსაც იგი მანქანით პოლიციის ავტომობილს დაეჯახა. შედეგად, სამი პოლიციელი დაშავდა.
სამართალდამცველების ცნობით, ქართველებისგან შემდგარი დაჯგუფება სახლებს, ძირითადად, ქალაქის ძველ უბნებში ქურდავდა. დამნაშავეები ისეთ დღეს არჩევდნენ, როდესაც სახლში არავინ იყო. მოპარულ ნივთებს შორის იყო ძვირფასეულობა, საათები, ფული და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
რატომ სცემა იტალიაში საქართველოს მოქალაქემ რესტორნის მფლობელი >>
ჩხრეკის დროს პოლიციამ მანქანიდან დიდი რაოდენობით მოპარული ნივთები და კარის საკეტების გასახსნელი ინსტრუმენტები ამოიღო.
სასამართლომ ხუთივეს პატიმრობა მიუსაჯა.