რევოლუცია დასრულდა - ვარდების მოედანს სახელი შეეცვალა

მოედანს ახალი დასახელება საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიენიჭა
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. თბილისის ცენტრში ვარდების მოედანს სახელი შეეცვალა — ამიერიდან ის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელს ატარებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზეა მიღებული. საკრებულოს 50 დეპუტატიდან მომხრე 30 იყო. კენჭისყრაში მონაწილება არ მიუღიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დეპუტატებს.

„მჯდომიარე თუ მწოლიარე“ მიცვალებულები – დილემა საკრებულოების წინაშე

„ეს არის პოლიტიკური ვიწროპარტიული შურისძიება პოლიტიკურ ოპონენტზე, არის ისტორიის გადაწერისა და მნიშვნელოვანი თარიღების ამოღების უნიჭო მცდელობა“, – განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მოედნის გადარქმევის ინიციატივა უკავშირდება 1918 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობის მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სამ წლამდე იარსება, თუმცა ის ქვეყანაში დღემდე ახსოვთ.

მაისის დასაწყისში ინიციატივას მხარი თბილისის მერმა კახა კალაძემ დაუჭირა.

რა დაუჯდება თავდაცვის სამინისტროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა >>

მოედანს ვარდების რევოლუციის სახელი 2003 წელს, მიხეილ სააკაშვილის გუნდის და მისი მომხრეების მიტინგების შემდეგ მიენიჭა. სსრკ-ის პერიოდში ამ ტერიტორიას რესპუბლიკის მოედანი ერქვა და ეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას გულისხმობდა.