საქართველოს რეგიონებში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

საქართველოს მასშტაბით საზეიმო ღომნისძიებები არაერთ ქალაქში გაიმართა.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დღესასწაული  — ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი ქვეყნის დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საზეომო ღონისძიებებით აღინიშნა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დღესვე შესრულდა ფიცის დადების ცერემონიაც, რომელშიც 45 წვევამდელი მონაწილეობდა. ღონისძიებას ბათუმის საზღვაო აკადემია აფორმებდა. ბათუმში, ჯამში 100-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი.

ქართველმა წვევამდელებმა და რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

საზეიმო ღონისძიება გაიმართა ზუგდიდში. ქალაქის მთავარ მოედანსა და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პავილიონი გაკეთდა. მთავარ მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა სხვადასხვა შინაარსის გამოფენები, მათ  შორის ხელნაკეთი ნივთები. მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკაც. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული და სპორტულ-გასართობი ღონისძიებებიც. 

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფოთში გრანდიოზული ღონისძიებები გაიმართება. ცენტრალური პარკისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიებზე სასმხედრო ტექნიკაა გამოფენილი. იმართება საბავშვო გასართობი ღონისძიებები, მოწყობილია ღია კინოთეატრიც. ღონისძიებები ფოთში გრანდიოზული შოუ-პროგრამით დასრულდება.

„დიდება საქართველოს“ - დალია გრიბაუსკაიტეს მილოცვა ქართულად

ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს ამბროლაურშიც. დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განათლების სამინისტროც აღნიშნავს. ქალაქში წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტენდები. სტენდებზე ისტორიული ფაქტების ამსახველი ინფორმაცია არის წარმოდგენილი. ამბროლაურში დილიდან გამოფენილია სამხედრო ტექნიკაც.

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელიწადი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.