ქართველმა წვევამდელებმა და რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

საზეიმო ვითარებაში სამხედრო ფიცი 366 რეკრუტმა და 123 წვევამდელმა დადო.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში წვევამდელებმა და რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს მასშტაბით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში ერთდროულად გაიმართა.

პირდაპირი ჩართვა: თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობა წვრთნისა და შეფასების ცენტრის JTEC (CTC) ინსტრუქტორთა შემადგენლობამ, DRILL სერჟანტთა კოლოფმა, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა, ქართულ-ამერიკული პროექტის – „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში“ (GDRP) მონაწილე 43-ე ბატალიონმა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორებმა და რეკრუტების 6-მა კოლოფმა მიიღეს.

ფიცის დადების ცერემონიაზე ერთი საჯარისო ნაწილი მკვლევარების დახმარებით აღდგენილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებით იყო წარმოდგენილი. ჯარისკაცები, ასევე აღჭურვილნი იყვნენ იმ დროისთვის შესაფერისი იარაღით.

მსოფლიო დონის პოლიტიკოსებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართულ ენაზე მოულოცეს >>

ცერემონია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა ხსოვნის წუთიერი დუმილით დაიწყო.

საზეიმო ღონისძიებაში აშშ-ის, გერმანიის, თურქეთის, ლატვიის და უკრაინის მედროშეები მონაწილეობდნენ. ფიცის დადების ცერემონიას ლიეტუვიდან მოწვეული ორკესტრი აფორმებდა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ლატვიის, ლიეტუვას, ფინეთის, სომხეთის, სლოვაკეთის და პოლონეთის პრეზიდენტები, ევროკომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პირველი პირები, მთავრობის წევრები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელიწადი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.