ადამიანებით ვაჭრობა და იძულებითი პროსტიტუცია: დაკავებულია შუახნის ქალი

ბრალდებული ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულში ტრეფიკინგის ბრალდებით 56 წლის ქალბატონი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები რეაბილიტაციას გადიან

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა. იგი გოგონებს ატყუებდა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით პროსტიტუციას აიძულებდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით („ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობა“), რაც ითვალისწინებს 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

შსს აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა, რომლებმაც დამნაშავე დააკავეს, 2018 წლის აპრილში უნგრეთში სამართალდამცველთა საერთაშორისო აკადემიაში ტრეფიკინგთან ბრძოლის კურსები გაიარეს. კურსი მოიცავდა ტრეფიკინგთან დაკავშირებულ უახლეს სახელმძღვანელო პრინციპებს, პოლიტიკის, კანონმდებლობის განვითარების უახლეს საკითხებს, მსხვერპლთა ამოცნობის ტექნიკას, ასევე მსხვერპლთან მუშაობისა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მეთოდიკას.