ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრა

ლიეტუვის პრეზიდენტი და თბილისში ჩამოსული სხვა ლიდერები თავისუფლების მოედანზე ქართველ ხალხს დღესასწაულს ახალწვეულთა ფიცის დადების შემდეგ მიულოცავენ
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იმყოფება, რომელიც დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ჩამოვიდა.

სტუმარი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებებს დაესწრება. გრიბაუსკაიტეს გარდა, საქართველოში სადღესასწაულო ღონისძიებებს დაესწრებიან ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი ვაიდა, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

საქართველოს 26 მაისს მსოფლიო ლიდერები ეწვევიან >>

გრიბაუსკაიტე უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ორი ქვეყნის ლიდერებმა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები და ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს შესვლის პერსპექტივები განიხილეს.

„ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ქართულ- ლიეტუვური ურთიერთობის და თანამშრომლობის ფაზები, რომელსაც ჩვენ გავდივართ სულ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა. მე მინდა ხაზი გავუსვა აგრეთვე თქვენს მიერ საქართველოს ინტერესების სერიოზულ წამოწევას, რომელიც არაერთხელ პირადად თქვენ განგიხორციელებიათ, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს კონტექსტში“, — განაცხადა მარგველაშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფინეთისა და სომხეთის პრეზიდენტები თბილისში მოლაპარაკებებს გამართავენ

თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო პროგრესის გზაზე წარმატებებს მიაღწევს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გვერდით ყოფნა პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე…  ასი წლის წინ საქართველოს მიეცა შანსი იმისათვის, რომ იაროს პროგრესული გზით“, — განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

ლიეტუვის პრეზიდენტი აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

წარსული აწმყოში: როგორი იქნება თბილისი 26 მაისს >>

გრიბაუსკაიტე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ მიულოცავს და შემდეგ მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის — მომავალი ასწლეულის სტრატეგია“, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება.