საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალების კომისიამ მიმდინარე ეტაპზე სულ 1347 პირის საქმე განიხილა.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 143 მსჯავრდებულის შეწყალებას ხელი მოაწერა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

2018 წლის 24 მაისის შეწყალების აქტით, დღეს საპატიმროებს 84 პატიმარი დატოვებს, 54 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმცირდა.

შეწყალების კომისიამ მიმდინარე ეტაპზე სულ 1347 პირის საქმე განიხილა.

პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულზე მსჯავრდებულების შეწყალებას დროებით წყვეტს>>>

„ძალადობრივ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირების საქმეების განხილვაზე პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ფარგლებში კომისიამ გადადო 216 საქმე. ესენი არიან მსჯავრდებულები, რომლებიც გასამართლებული არიან ძალადობრივ დანაშაულზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე“, — განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ძალადობრივი დანაშულის საქმეებზე შეწყალების აქტის გამოცემაზე მორატორიუმი აპრილში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შემდეგ გამოაცხადა, რა დროსაც 25 წლის ქალი შვილების თვალწინ საკუთარმა მამინაცვალმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელსაც  მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით 2015 წელს პატიმრობა შეეფარდა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.  ბაქრაძემ  საპყრობილე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

იმ რეზონანსის გამო, რომელიც აღნიშნულმა საქმემ გამოიწვია, პრეზიდენტმა ძალადობის მუხლით მსჯავრდებულთა შეწყალების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, ხოლო შესაწყალებელ პირთა სიას მას სახელმწიფო კომისია  განსახილველი განცხადებების შესწავლის შემდეგ წარუდგენს.