საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში - გაჩნდა თუ არა კითხვები ქართული დემოკრატიის მიმართ

დღეს სრულდება აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის წინა დღეებში ეს ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო.
Sputnik

აშშ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველისადმი მხარდაჭერას, კვირიკაშვილი კი, გარდა ნატოს მიმართ საქართველოს მხარდაჭერისა, ამერიკელი ბიზნესმენების საქართველოთი დაინტერესებას ცდილობს და მათ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ესაუბრება, რომელიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ხიდი შეიძლება გახდეს.
„ეს პროექტი ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს ამერიკელებისათვის", — ნათქვამია კვირიკაშვილის საპროგრამო წერილში, რომელიც გუშინ ფოქს-ნიუსმა გამოაქვეყნა.

„იკითხება, როგორც ორგვერდიანი სარეკლამო განცხადება", — აფასებს ერთ-ერთი ამერიკელი მკითხველი წერილს. საქართველოში კი ფიქრობენ, რომ მთავრობის მეთაური სტრატეგიული პარტნიორის პირველი პირებისაგან მნიშვნელოვან გზავნილებს ჩამოიტანს საპრეზიდენტო არჩევნების წინ. იყო თუ არა საუბარი კვირიკაშვილის საპრეზიდენტო შანსებზე, ძნელი სათქმელია. თუმცა აშშ-ში მაინცდამაინც არ მალავენ, რომ ქართული დემოკრატიის მიმართ უკვე კითხვები აქვთ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კვირიკაშვილს ყველა შეხვედრაზე ეკითხებოდნენ „რუსთავი 2“- ის გარშემო მიმდინარე პროცესებისა და, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე მას შემდეგ, რაც ის პოლიტიკაში დაბრუნდა.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გაცხადებული და საიდუმლო მიზეზები

მიუხედავად იმისა, რამდენად მოითხოვს დასავლეთი საპრეზიდენტო არჩევნებზე გაყალბების თავიდან აცილებას, საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის შანსები დაბალია, მეორე ტურისაც კი. აი, 2020 წლისათვის კი შესაძლოა, პროდასავლურმა ძალებმა, თუკი გაერთიანდებიან და კარგად იმუშავებენ, გარკვეული შედეგი აჩვენონ.

ამერიკაში ბუნებრივია, საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციითაც ინტერესდებიან, თუმცა მთავარი მათთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციაა. კვირიკაშვილმა ფოქსნიუსის მეშვეობით კიდევ ერთხელ შეახსენა დასავლეთს, რომ საქართველო თავისი კონტრიბუციით პირველ ადგილზეა ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებში. ამერიკელებმა სავარაუდოდ, კარგად იციან, რომ საქართველოში ამ ოპერაციებში მონაწილეობას სამხედროების დიდი ნაწილი ნატრობს და აქ, გარდა პატრიოტული სულისკვეთებისა, ეკონომიკური ფაქტორებიც დიდ როლს თამაშობს. ვნახოთ, რითი დააჯილდოვებენ საქართველოს ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც სულ მალე გაიმართება…

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელი პირი იდენტიფიცირებულია

არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი — რამდენად გაუმყარებს საქართველოს პრემიერს შერყეულ პოზიციებს ამერიკელთა მხარდაჭერა და რამდენად ძლიერი იქნება ის. სამუშაოს შექმნა ამერიკელი სპეციალისტდბისათვის ანაკლიის პორტში კარგია, მაგრამ ცოტა უცნაურ დახმარებად გამოიყურება მრავალმილიონიანი ქვეყნისათვის იმ ფონზე, როცა საქართველოში არც თუ გადასარევი სოციალური მდგომარეობაა.

თუ რა მესიჯები ჩამოიტანა პრემიერმა ამერიკიდან, ამას უახლოეს ორ-სამ თვეში გავარკვევთ, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების ასი წლისთავზე უკეთესი საგარეო ურთიერთობები გვაქვს და კვირიკაშვილიც მეტს ჩამოიტანს ვაშინგტონიდან, ვიდრე სულხან საბა — ვერსალიდან. თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება ისეთი დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომ საქართველოს ერთიანობით და სიძლიერით თანაბრად იყო დაინტერესებული აშშ-ც და რუსეთიც. რთულია, მაგრამ სავარაუდოდ, შესაძლებელი…

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!