საქართველოს საპატრიარქო სამღვდელოებას „რუსთავი 2-თან“ ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საპატრიარქოს განმარტებით, მათ წერილობით მიმართეს ტელევიზიის ხელმძღვანელს და სთხოვეს, რეაგირება მოეხდინა „სიცრუის ტირაჟირების გამო, ტელეარხმა კი იმავე საღამოს კიდევ ერთი „ღვთის მგმობი“ გადაცემა გაუშვა ეთერში.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ის ძალები, რომლებიც ეკლესიას კარგა ხანია უპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით  ყველაზე მკვეთრად,,რუსთავი 2-მა გამოხატა“, წერს საქართველოს საპატრიარქო განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

საპატრიარქოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ წერილობით მიმართეს ტელევიზიის ხელმძღვანელს და სთხოვეს, რეაგირება მოეხდინა „სიცრუის ტირაჟირების გამო, რასაც შესაძლოა მსოფლიო საპატრიარქოსა და ქართულ ეკლესიას შორის უსიამოვნება მოჰყოლოდა“, ტელეარხმა იმავე საღამოს კიდევ ერთი „ღვთის მგმობი“ გადაცემა გაუშვა ეთერში. 

„ამ ქმედებების სულისკვეთება ერთია: სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ  თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ… ხოლო ჩვენი ეკლესია – პრორუსულ ძალად“, — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

საქართველოს საპატრიარქო: მივმართავთ ყველას თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან

ამასთან საპატრიარქო სინანულით შენიშნავს, რომ უფლებადამცველთა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს და თვალს ხუჭავს ესოდენ სერიოზულ ფაქტებზე. 

გამომდინარე აქედან, საპატრიარქო განცხადებაში მოუწოდებს მრევლს, არ აყვნენ პროვოკაციებს, ხოლო სამღვდელოებას — შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან“.

„მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები“, — ნათქვამია განცხადებაში. 

გარდა ამისა, საპატრიარქო თხოვნით მიმართავს საქართველოში მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დასავლური ღირებულებების მქონე უცხოელ დონორებს, დაანახონ საზოგადოებას, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნების წესისა  და მათი რელიგიური გრძნობების უგულვებელყოფა.