ვარშავაში ქართულ ღამის კლუბებს მხარი დაუჭირეს

ვარშაველებს მოუწოდებენ, საქართველოს ოფიციალურ პირებს წერილებით მიმართონ, რათა აღიკვეთოს მოქალაქეთა თავისუფოლების შეზღუდვის ფაქტები
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ვარშავის ერთ-ერთ ცნობილ მოედანზე — სასკა კემპაზე ქართული ღამის კლუბებისა და მათი სტუმრების მხარდამჭერი აქცია "ჩვენ ვცეკვავთ ერთად, ჩვენ ვიბრძვით ერთად" გაიმართა, წერს ინტერნეტ-გამოცემა Wyborcza.

პოლონელმა ახალგაზრდობამ, არსამთავრობო სექტორმა, ჟურნალისტებმა, პუბლიცისტებმა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა მოაწყვეს საცეკვაო აქცია და ქართველ ახალგაზრდობას ამგვარი ფორმით დაუჭირეს მხარი.

აქციის მონაწილეები მოედანზე მივიდნენ ტრანსპარანტებით, რომლებზეც თბილისში აქციის მონაწილეების, ე. წ. ქლაბერების მხარდამჭერი ფრაზები ეწერა: „სოლიდარობა!", „სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს", „ჩვენ ვცეკვავთ ერთად, ჩვენ ვიბრძვით ერთად".

აქციის ორგანიზატორი არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იაცეკ პლევიცკი და ანა როზვადოსკა.

მათი თქმით, როდესაც საუბარია კლუბებზე, უნდა გაითვალისწინონ, რომ იქ არა მხოლოდ მხიარულებაა, არამედ კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობაც. ორგანიზატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ ეთანხმებიან იმას, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებების ვაჭრობაში მიტანილი პირები უნდა დააკავონ.

ნება თუ იძულება: სკანდალურად ცნობილი „კაფე გალერი" კვლავ გაიხსნა

შეკრებილებმა თხოვნით მიმართეს ვარშაველებს, რომ მათ საქართველოს ოფიციალურ პირებს წერილები გაუგზავნონ მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტების აღკვეთისთვის.

თბილისში ცნობილმა ღამის კლუბებმა, მათ შორის „ბასიანმა", „კაფე გალერიმ", მუშაობა 12 მაისს ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შეწყვიტეს, რომელსაც ახალგაზრდების საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მფლობელებისა და კლუბების სტუმრების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულები აღნიშნული შენობების გარეთ დააკავეს, სპეცრაზმი კი კლუბებში მაინც შევიდა. უფრო მეტიც, ახალგაზრდები პოლიციას მათ წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში სდებდნენ ბრალს.

ამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა შსს-ს მეთოდები მათთვის მიუღებელია.