რატომ სცემა იტალიაში საქართველოს მოქალაქემ რესტორნის მფლობელი

ნასვამმა მამაკაცმა რამდენიმე ბინის კარის შემტვრევა სცადა და სამი ავტომობილი დააზიანა
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. იტალიაში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქე ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქართველი ემიგრანტი იტალიაში მეოთხე სართულიდან გადმოხტა - დაღუპულის ოჯახის ვერსიები

შემთხვევა 22 მაისს იტალიის ქალაქ მოდენაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 25 წლამდე მამაკაცი ქალაქის ცენტრში არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა და აგრესიულად იქცეოდა. მან რამდენიმე ბინის კარის შემტვრევა სცადა და სამი ავტომობილი დააზიანა. მამაკაცის დამშვიდება ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა სცადა, თუმცა, საქართველოს მოქალაქემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამი მამაკაცის აგრესიულმა ქმედებებმა ადგილობრივ მცხოვრებლებში პანიკა გამოიწვია, რის გამოც მათ პოლიცია გამოიძახეს.

საქართველოს მოქალაქემ წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომლებსაც გაუწია, თუმცა, სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქე იტალიაში ლეგალურად იმყოფებოდა.