ქართული ანიმაციის მორიგი წარმატება საერთაშორისო არენაზე

გერმანიაში კინოკრიტიკოსებმა ქართულ ანიმაციას უმაღლესი ჯილდო მიანიჭეს
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა „ჯინო" (Gino) გერმანიაში ველოკულტურის საერთაშორისო კინოფესტივალზე ICFF (International Cycling Film Festival) გრან-პრი მიიღო, აღნიშნავს რეჟისორი დათო კიკნაველიძე თავის Facebook-გვერდზე.

„ჯინო" პირველი ქართული ანიმაციაა 3D ფორმატში, რომელიც გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ქართულმა ანიმიაციამ „ჯინო“ ნიუ–დელიში ფესტივალზე გრან–პრი მიიღო

„ჯინოს" სიუჟეტის ცენტრში გომბეშო ჯინოსა და მისი მეგობრების თავგადასავალია, რომლებიც ლამაზი ტბის ნაპირას ცხოვრობენ. ერთხელაც ცხოველები დილემის წინაშე აღმოჩნდებიან — მათ მიწაზე ადამიანები მშენებლობას იწყებენ, რის გამოც ცხოველები იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის — სახლის გადასარჩენად.

რეჟისორმა დავით კიკნაველიძემ 30-წუთიანი მულტფილმი „ჯინო" ანიმაციურ სტუდია Lira Production-ში, ქართული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნა.

The International Cycling Film Festival — საერთაშორისო კინოფესტივალია ველოკულტურის შესახებ, რომელიც გერმანიაში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში ყოველ წელს იმართება. ICFF მოიცავს ანიმაციურ, დოკუმენტურ და სათამაშო კინოს.