მერე რა, რომ ძაღლი ყეფს... ქარავანი მიქრის!...

ეროვნული ბანკის ანგარიში - საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება! რას აპროტესტებენ საბანკო სისტემის მომსახურებით განაწყენებული კლიენტები, ვინ რას უჩივის და რატომ?
Sputnik

კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება! — სხვისი არ ვიცი, პირადად ჩემი დასკვნა კი ასეთია… რას ეფუძნება, — შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. პასუხი მარტივია და რაც მთავარია დამაჯერებელი. გავეცანი ეროვნული ბანკის ანგარიშს, რომელიც რამდენიმე დღეა გამოქვეყნდა. მართალია, ეს დოკუმენტი გასული წლის ვითარებას ასახავს, მაგრამ, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები აცხადებენ, რომ ნეგატიური ტენდენცია უცვლელია.

2017 წელს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში ჯამურად 6 934 საჩივარი დაფიქსირდა. მათ შორის, ეროვნულ ბანკში მომხმარებელთა პრეტენზიები, არც მეტი და არც ნაკლები, 140 პროცენტით გაიზარდა. მთავარი ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას 3 269 კლიენტმა საჩივრით მიმართა. კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 3 665 შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 28.3 პროცენტით აღემატება. ზოგადად, 2012 წლიდან კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების დინამიკა მუდმივად მზარდია, რაც სპეციალისტების აზრით, კლიენტების მიერ საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმების ცოდნის გაუმჯობესების შედეგია… ნიშანდობლივია, რომ საფუძვლიანად მიჩნეული საჩივრების წილი ყოველწლიურად მცირდება.

სტარტაპერების გადაუხდელ კრედიტებს სახელმწიფო დაფარავს

განსხვავებული იყო 2017 წელი, რამდენადაც საფუძვლიანად მიჩნეული პრეტენზიების ხვედრითი წილი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 27 პროცენტი შეადგინა. ვინ რას უჩივის და რატომ? კლიენტების ყველაზე მეტი პრეტენზია სესხის რესტრუქტურიზაციის და მისი წინსწრებით დაფარვის, დარიცხული ჯარიმისა თუ პირგასამტეხლოს ჩამოწერასთან დაკავშირებულ პროცედურებს უკავშირდება. ეროვნული ბანკის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჩივრები იყო ხელშეკრულების პირობებთან და გალარების პროგრამასთან დაკავშირებით.

სამომხმარებლო და იპოთეკური სესხი, საკრედიტო ბარათები და მომენტალური განვადება, მიმდინარე ანგარიში, — ასეთია იმ საბანკო პროდუქტების ჩამონათვალია, რომელთა მიმართ, კლიენტების მხრიდან, პრეტენზიები ყველაზე ხშირად დაფიქსირდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან საჩივრების მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი, როგორც წესი, გავრცელებულ საბანკო პროდუქტებზე მოდის…   

შეზღუდული თავისუფლება, ანუ „ნოყიერი დიეტის“ მენიუ

ბანკების მიმართ პრეტენზიები მხოლოდ საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ განაწყენებული კლიენტებისგან როდი ისმის. ბოლო პერიოდში საბანკო სექტორის კრიტიკით რამდენიმე სახელმწიფო მოხელე და ბიზნესმენი გამოვიდა. „პირველი მერცხალი“ ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო, რომელმაც განაცხადა, რომ საბანკო სფერო ეკონომიკის განვითარებას ამუხრუჭებს. ქვეყნის პირველ ფინანსისტს რამდენიმე პარლამენტარმაც აუბა მხარი და არც უკმაყოფილო ბიზნესის ხმამაც დააყოვნა. ბანის მიმცემთა შორის იყო „ქართული ოცნების“ წევრი და კარგად ცნობილი, ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის დამფუძნებელი…

კახა ოქრიაშვილი: „ჩვენში არსებული კანონმდებლობით, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ინსტიტუტი. ჩნდება ეჭვი და თუ გნებავთ, საფუძვლიანი ვარაუდიც, რომ კომერციულმა ბანკებმა მოიპოვეს გავლენა ეროვნულ ბანკზე. ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის ეროოვნული ბანკი ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელ და ძლიერ ინსტიტუციად, ის მოექცა მსხვილი ბანკების გავლენის ქვეშ და იქცა მათი პოლიტიკის გამტარებლად. რა მივიღეთ შედეგად, 2008 წლიდან ბანკებმა დაიწყეს აქტიური ინტერვენცია მათთვის არაპროფილურ ბიზნესსექტორზე. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან ეროვნული ბანკმა გასცა მითითება, რომელსაც უნდა შეეზღუდა კომერციული ბანკების მონაწილეობა არაპროფილურ ბიზნესში, სახეზეა სულ სხვა მოცემულობა — ბანკებს.

არაპროფილური აქტივები - მიზეზი რის გამოც ბანკები თავს იკავებენ ბიზნესის დაკრედიტებისგან

არ აქვთ მოტივაცია დააკრედიტონ გრძელვადიანი სესხები ბიზნესსექტორში, რადგან ასეთი სესხებიდან ნაკლები შემოსავალი აქვთ. ბანკები ჩამოყალიბდნენ ბიზნესის კონკურენტებად. ეს კონკურენცია უთანასწოროა, არათანაზომიერი რესურსებისა და ბიზნესინფორმაციის წვდომის პირობებში. შედეგად, ბიზნესი დამატებითი ინვესტიციებისგან თავს იკავებს. არ შედის ფინანსურ რისკებში და აფერხებს ფინანსურ განვითარებას. ანუ ვიღებთ ეკონომიკის დამუხრუჭების კლასიკურ მაგალითს. დიახ, ბიზნესს აღარ ააქვს ხელისუფლების შიში, მაგრამ მას გაუჩნდა ბანკების შიში და ეს არის განვითარების მთავარი მუხრუჭი…“  
საბანკო სექტორის მიმართ პრეტენზიები აქვთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მათ შორის სადაზღვევო სექტორის მესვეურთ. ისინი კომერციულ ბანკებზე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გავრცელებას ითხოვენ. შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

ძველი რეალობა და ფულის სესხების ახალი წესები...

ერთი სიტყვით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები იზრდება. უკმაყოფილება შეინიშნება, როგორც მოსახლეობაში ისე ბიზნესმენების რიგებში. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, თუ ეროვნულმა ბანკმა დროზე არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, ნეგატიური დამოკიდებულება გამძაფრდება და საბოლოოდ საზოგადოების ზეწოლით ხელისუფლებას უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს… სწორედ აქ ვაპირებდი წერტილის დასმას, როცა ეროვნული ბანკის მორიგი დოკუმენტით შევიტყვე, რომ მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, კომერციული ბანკების მოგება გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 22.3 მილიონი ლარით გაიზარდა. მთლიანად, 2018 წლის ოთხ თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 294.197 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2018 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავალი 6.093 მილიონი ლარია; ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა მოგებამ კი 6.958 მილიონი ლარი შეადგინა; საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან ბანკებმა მიმდინარე წლის აპრილში 33.960 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. კომერციული ბანკების მოგების გადასახადმა აპრილის თვეში 5.282 მილიონი ლარი შეადგინა. ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგება 869.798 მილიონი ლარი იყო, მაშინ როცა 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 679.101 მილიონი ლარი შეადგინა…

დასკვნის სახით, სტრიქონებს შორის და ციფრებს მიღმა მკაფიოდ იკითხება, რომ საბანკო საქმე ჩვენში, კვლავაც ყველაზე სარფიანია, პრაქტიკულად წაუგებელი და მერე რა, რომ მავანნი ჩივიან… რახანია ძაღლი ყეფს და ქარავანი ჯიუტად მიქრის!